დავით სერგეენკო "ჯიპიაის" "არასერიოზული და უპასუხისმგებლო" დამოკიდებულებით გაოცებულია

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაის" "არასერიოზული და უპასუხისმგებლო" დამოკიდებულებით გაოცებულია. დავით სერგეენკო ჟურნალისტებთან საუბარში ვანის საავადმყოფოსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა, სადაც საუბარია იმაზე, რომ "ჯიპიაიმ" ვერ შეასრულა ვალდებულება.

სერგეენკოს განცხადებით, ვანის საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა მართლაც სავალალო მდგომარეობაშია.

"ჩვენ რაც მოვახერხეთ, ჩავატარეთ მინიმალური კოსმეტიკური რემონტი იმის გამო, რომ ის შენობა იპოთეკით არის დატვირთული და საკმაოდ რთული ქონებრივი დავებია. ჩვენ წელიწადნახევარი დავუთმეთ იმას, რომ სადაზღვევო კომპანიებთან, მათ შორის "ჯიპიაისთან" სამართლიანი და პარტნიორული ურთიერთობა გაგვემყარებინა კონკრეტული ნაბიჯებით. ეს ნაბიჯები გადადგმულია და შესრულებულია ჩვენი მხრიდან.

ჩემთვის მართლაც გასაოცარი იყო ასეთი არასერიოზული და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება "ჯიპიაისგან", რომლის მინიმალური ვალდებულება იყო ამ პროექტის დასრულება. მათ უბრალოდ შემოგვითვალეს, რომ გადაიფიქრეს ამის გაკეთება.

სიტყვას ვიძლევი, რომ ვანის მოსახლეობას არ დავტოვებთ სამედიცინო მომსახურების გარეშე და ამას წესლვე აუცილებლად მოვაგვარებთ. იმედი მაქვს, რომ "ჯიპიაის" მენეჯმენტს ოდნავ საღი აზრი მაინც აქვს შერჩენილი, საკუთარ თავს, საკუთარ ბიზნესს არ შეუქმნიან საფრთხეს ნდობის და რეპუტაციის კუთხით და საკუთარი ხელით არ გაუთხრიან სამარეს", - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, სამინისტრო ყველა პროექტის მონიტორინგს ახორციელებს და ვანში "თითი თითზე არ არის დადებული იმ პროექტზე, რაც აპრილის ბოლოს უნდა ჩაბარდეს სახელმწიფოს სალიცენზიო პირობების შესაბამისად".

"მათი მხრიდან ეს საქციელი ცალსახად არის უპასუხისმგებლო, დაუფიქრებელი და არაპარტნიორული", -განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება სანქციებს, მინისტრის განმარტებით, თუ პირველ მაისამდე არ მოხდა ინფრასტრუქტურის ჩაბარება, რომელიც შეესაბამება სანებართვო პირობებს, "ჩაერთვება ფინანსური სანქციების მზარდი კასკადი" და საკმაოდ მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგება კომპანიას, ვიდრე მიადგებოდათ ამ პროექტის განხორციელებაში.

"რაც მთავარია, დავკარგავთ სანდო პარტნიორს არა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო, არამედ ვფიქრობ, მთელი ქვეყანა", -განაცხადა სერგეენკომ.