გელა დუმბაძე - ლევილის მამულთან დაკავშირებით სერიოზული პროგრესია

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და იუსტიციის მინისტრი ლევილის მამულთან დაკავშირებით, 19 იანვარს საფრანგეთში გაემგზავრებიან. ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორ სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, ლევილის მამულთან დაკავშირებით სერიოზული პროგრესი არის.

"მივემგზავრებით საფრანგეთში, სადაც შევხვდებით ფრანგულ მხარეს. ვერსალის არქიტექტორი, რომელმაც გააკეთა ლევილის წინასწარი შეფასებითი-დიაგნოსტიკური სამუშაოები, წარმოადგენს ანგარიშს. ეს ანგარიში უნდა გაკეთებულიყო ერთი თვის წინ, მაგრამ მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების გამო გადაიდო ერთი თვით", -განაცხადა გელა დუმბაძემ.

მისივე განმარტებით, ვერსალის არქიტექტორის ხელმძღვანელობით ჯგუფმა ჩაატარა ფუნდამენტალური სამუშაო, გაკეთდა შენობის და ნიადაგის ქიმიური ანალიზი და ასევე წარმოდგენილია მაღალი ხარისხის დოკუმენტაცია.

"ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო იმისთვის, რომ წინ წავიდეს ლევილის მამულის გადმოცემის პროცესი, ეს ფრანგული მხარის კანონმდებლობის მოთხოვნაა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს მიერ შემდგომშიც გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რათა გარკვეულ, მცირე პერიოდშივე განხორციელდეს უკვე ლევილის მამულის გადმოცემა. წლებია გრძელდება ეს პროცესი და ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მხრივ გადაგვედგა ყველა მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად ნაბიჯები", -განაცხადა დუმბაძემ.