ჯოკია ბოდოკია - ბიძინა ივანიშვილი ნარმანიას და მარგიშვილის წინააღმდეგ მას შემდეგ განეწყო, რაც "პანორამა თბილისს" პრობლემები შეექმნა

დავით ნარმანიასა და ალექსანდრე მარგიშვილის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილი მას შემდეგ განეწყო, რაც "პანორამა თბილისს" მერიაშიც პრობლემები შეექმნა , - ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილმა უფროსმა, ჯოკია ბოდოკიამ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მას იმჟამინდელი მთავარი პროკურორის მოადგილეები ირაკლი შოთაძე და გიორგი გოგაძე მარგიშვილის წინააღმდეგ ჩვენებებს სთხოვდნენ.

ბოდოკია აცხადებს, რომ ივანიშვილმა პირდაპირ მარგიშვილის დაკავება მოითხოვა, რადგან "პანორამა თბილისზე" უარყოფითი დასკვნის ერთ-ერთი ავტორი სწორედ მარგიშვილი იყო.

"რატომ შეიცვალა ივანიშვილმა დამოკიდებულება სულ რამდენიმე თვეში ნარმანიას მიმართ - ივანიშვილი ნარმანიას საკუთარ მეორე შეცდომას უწოდებს, მას შემდეგ რაც პროექტ "პანორამა თბილისის" განხორციელებას, უკვე მერიაშიც პრობლემა შეექმნა. ამის შემდეგ, ივანიშვილმა ნარმანიას მარგიშვილის გათავისუფლება მოსთხოვა, - ეგ ლოტოს კოჭი მანდ აღარ დავინახოო. ნარმანია ამაშიც შეეწინააღმდეგა ივანიშვილს. ამის შემდეგ, ივანიშვილს თამაშში შეჰყავს მისი ერთგული ძალოვანი სტრუქტურები. კერძოდ, შს სამინისტრო გომელაურის ხელმძღვანელობით და მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე. მათ დაევალათ მარგიშვილის პასუხისგებაში მიცემა. დაიწყო ჩემი ხელმძღვანელის გეგი ნიჟარაძის დაბარება კვირაში 3-4-ჯერ ე.წ. მოდულის შენობაში. რამდენჯერმე იგი მეც მივიყვანე იქ. გააქტიურდა აგენტურული მუშაობა, მათ შორის ჩემთან მიმართებაში. ამ საქმეში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა "ქართული ოცნებიდან" საკრებულოს დეპუტატი მალხაზ მჭედლიშვილი, რომელიც იმჟამინდელი სუს-ის ხელმძღვანელის, მირიან მჭედლიშვილის ძმაც არის", - განაცხადა ჯოკია ბოდოკიამ.

მან ისიც აღნიშნა, რომ მას ღიად სთხოვდნენ ჩვენებებს ალექსანდრე მარგიშვილის წინააღმდეგ, შუამავალი კი იყო ბოდოკიას იმდროინდელი ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი, რომელიც მას გადასცემდა ირაკლი შოთაძის და მთავარი პროკურორის კიდევ ერთი მოადგილის, გიორგი გოგაძის დანაბარებებს.

"ხელი უნდა დამედო ალექსანდრე მარგიშვილისთვის, ვითომ მისი მითითებით ვმოქმედებდი. მთავაზობდნენ საპროცესო გარიგებას და 5 ათასიან ჯარიმას. თუმცა რამდენიმე ახალი პირობა გადმომცა ადვოკატმა, რამე ხომ არ ვიცოდი მარგიშვილზე ამ საქმის გარდა. ვუთხარი, რომ მარგიშვილზე არაფერი ვიცოდი და რაღა უნდოდათ, ის ხომ მოხსნეს და მიზანი მიღწეული იყო. ადვოკატმა მითხრა, ის მოითხოვს, რომ დაიჭირონო. ვინ ის, კაცი შუშის სასახლიდან-თქო? - ვკითხე და ხმამაღალი ხმით გადაფარა ჩემი ხმა და მითხრა, კედლებს აქაც ყურები აქვსო", - განაცხადა ჯოკია ბოდოკიამ, რომლის თქმითაც ნარმანია-მარგიშვილის წინააღმდეგ, ივანიშვილის დავალებით, სუს-ის მუშაობის ერთ-ერთი სამიზნე თავადაც გახდა.

2015 წლის 4 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის მოთხოვნისა და მიღების ფაქტზე ბრალდებული ჯოკია ბოდოკია დამნაშავედ სცნო.

სასამართლომ მას სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განუსაზღვრა.