სამთო კურორტებზე ხვალიდან სამართალდამცავების პატრულირება დაიწყება

უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით სამთო კურორტებზე სამართალდამცავები პატრულირებას განახორციელებენ. შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა. მისივე განმარტებით, შს მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა.

"შს მინისტრმა გამოსცა ბრძანება და უკვე ამ შაბათ-კვირას პატრული დაგხვდებათ აბსოლუტურად ყველა სამთო კურორტზე", - განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მთავრობა სამთო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს. შესაბამის კანონში ცვლილებების პროექტი, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტს განსახილველად 10 დღის ვადაში წარედგინება. ერთ-ერთი ცვლილებით, ნასვამ მოთხილამურეს სრიალის უფლება ჩამოერთმევა.