დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენი ეკონომიკა არის აბსოლუტურად ჯანსაღი

ჩვენი ეკონომიკა არის აბსოლუტურად ჯანსაღი და მიმართულება სწორია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით, გასული წელი ქვეყანას საკმაოდ რთული ჰქონდა, ვინაიდან შემცირდა როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი.

"შეგვიმცირდა როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი, თუმცა შემცირება არის საკმაოდ ჯანსაღი - მოხმარების ნაწილში და არა კაპიტალური ინვესტიციების ნაწილში. მოგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი ეკონომიკის ზრდისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები განხორციელდეს ინფრასტრუქტურაში, ახალ საწარმოებში, ახალ ქარხნებში, ფაბრიკებში და ა.შ. ეს იმ ფონზე, როცა განვითარებულ ქვეყნებში მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში მოხმარება, თუ როგორ მოიხმარს კონკრეტული ადამიანი და რამდენ ფულს ხარჯავს ის ეკონომიკაში. ჩვენ ჯერ ამ დონემდე არ ვართ მისული, ამიტომ ის მოვლენა, რომელიც ეკონომიკაში მოხდა, ჩვენი ეკონომიკის სიჯანსაღეზე მიუთითებს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლებზე ისაუბრა. ქუმსიშვილის თქმით, ექსპორტი 23%-ით არის შემცირებული, ხოლო იმპორტი არის 10 %-ით, თუმცა აღნიშნულ მაჩვენებელში არ არის გათვალისწინებული "ცე" ჰეპატიტის პროგრამით შემოსული მედიკამენტები, რომელიც საჩუქარია.

"საბოლოოდ, თუ აღნიშნულ მედიკამენტებსაც გავითვალისწინებთ, იმპორტი არის შემცირებული 14%-ით. ჯამში წნეხი ჩვენს ვალუტაზე იყო შემცირებული. სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა სადღაც 10%-ით, ანუ 607 მილიონი დოლარით, რაც უარყოფითი ბალანსის მიუხედავად, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ეკონომიკა აბსოლუტურად ჯანსაღია და მიმართულება სწორია", - განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.