რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის სხდომაზე პროექტებისთვის თანხების გამოყოფაზე იმსჯელეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომას მინისტრის მოადგილე და კომისიის თავმჯდომარე თენგიზ შერგელაშვილი უძღვებოდა.

სხდომაზე იმსჯელეს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის ფონდიდან თანხების გამოყოფაზე. განიხილეს მუნიციპალიტეტებისთვის თანადაფინანსების წესიც. გამოყოფილი თანხები ძირითადად გზების, წყალმომარაგებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობაზე გადანაწილდა. ამ ეტაპზე კომისიამ მოიწონა მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი დაახლოებით 120 მილიონი ლარის პროექტი.