Heritage Foundation-ის შეფასებით, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის რეიტინგში საქართველო პოზიციას 4 პუნქტით გაიუმჯობესებს

Heritage Foundation-ის შეფასებით, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის რეიტინგში საქართველო პოზიციას 4 პუნქტით გაიუმჯობესებს , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქუმსიშვილის განმარტებით, მონაცემები ვაჭრობის თავისუფლების კომპონენტს შეიცავს. "წინასწარი ინფორმაციით, წელს მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის პოზიციას გავიუმჯობესებთ და მესამე ადგილზე ვიქნებით. აქ არის ისეთი კომპონენტები, როგორიც არის რაოდენობრივი შეზღუდვა, ფასის შეზღუდვები, მარეგულირებელი შეზღუდვები, საბაჟო შეზღუდვები და მთავრობის პირდაპირი ჩარევა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მოსახლეობისთვის განმარტა, თუ რას ნიშნავს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი და როგორ სარგებლობს ამით თითოეული მოქალაქე.

"ჩვენ გვაქვს ღია და ლიბერალური ეკონომიკა, არ გვაქვს დაბრკოლებები და ბარიერები საზღვრებზე, შესაბამისად, ის პროდუქცია, რომელიც სჭირდება ჩვენს მოსახლეობას, შემოდის დამატებითი გადასახადების გარეშე. შესაბამისად, ჩვენ ყველას შეგვიძლია აღნიშნული პროდუქცია შევიძინოთ დახლებზე და გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანას ჰქონდა ვალუტის დევალვაცია, ინფლაციური მომენტები, ანუ ფასების ზოგადი და საერთო ზრდა პრაქტიკულად მითითებულ ზღვართან ახლოს იყო მისული. სწორედ ღია და გახსნილი სავაჭრო პოლიტიკის დამსახურებაა ის, რომ დევალვაციასთან ერთად არ გვქონდა ინფლაციური მომენტები. ეს ყველაფერი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ კიდეც აღიარა და შესაბამისად, 178-ე ქვეყანას შორის ვაჭრობის თავისუფლებით მესამე ვიქნებით", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.