საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 12.2%-ით შემცირდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 12.2%-ით შემცირდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულადი გზავნილების შესახებ დეკემბრის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2015 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 101.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 244.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12.2 %-ით (14.2 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.8% იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.6 % მოდიოდა.

იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2015 წლის დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (40.5 მლნ აშშ დოლარი), იტალია (10.9 მლნ აშშ დოლარი), აშშ (10.1 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (9.7 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (5.5 მლნ აშშ დოლარი). ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.8 მლნ აშშ დოლარი (42.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 20.2 მლნ აშშ დოლარისა (38.1 მლნ ლარისა) გასული წლის დეკემბერში.