დავით ნარმანია და ალექსანდრე მარგიშვილი ჯოკია ბოდოკიას მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობენ

თბილისის მერი დავით ნარმანია და "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" ხელმძღვანელი ალექსანდრე მარგიშვილი ჯოკია ბოდოკიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან. ორივე მათგანი ბოდოკიას განცხადებებს უარყოფს.

"როგორც ხედავთ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში კანონი უზენაესია და კორუფცია ვერ იარსებებს, სწორედ ამის დასტურია ჯოკია ბოდოკიას მაგალითიც, რომელმაც ახლაც ვნახეთ, რომ გადაწყვიტა, ვიღაცის დაწერილი ტექსტი წაეკითხა. ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ვერც ამ სახის აბსურდებით და ვერც რაიმე სახით ყურადღების გადატანით, კორუფციის მიმართ ჩვენი ხელისუფლების მიდგომა არ შეიცვლება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ბოდოკიას ინფორმაციას უარყოფს მარგიშვილიც. "მე კულტურის მინისტრის მოადგილედ ვიმუშავე 2012 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის აგვისტომდე. ამ პერიოდში კულტურის სამინისტროში არანაირი წერილი ან მომართვა "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით არ შემოსულა. ახლა, როგორც მოვიკითხე, პირველი წერილი შესული არის 2014 წლის ოქტომბერში და ისიც არა სამინისტროში, არამედ სამინისტროს დაქვემდებარებულ - ძეგლთა დაცვის სააგენტოში. შესაბამისად, არანაირი შეხება მე "პანორამა თბილისთან" კულტურის სამინისტროში მუშაობის დროს არ მქონია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რიცხვებში ვერ ემთხვევიან მსჯავდებულის ჩვენების დამწერნი.

მას შემდეგ 2014 წლის აგვისტოდან მე გახლდით თბილისის ვიცე-მერი, ამ პერიოდში მე არქიტექტურულ საკითხებს, ქალაქგეგმარებას არ ვკურირებდი, შესაბამისად, არც მაშინ არანაირი შეხება ამ პროექტის განხილვასთან, ან რაიმე პოზიციის შემუშავებასთან, თუ გახმოვანებასთან არ მქონია. შესაბამისად, მსჯავდებულის დამცველებმა ფაქტობრივად არასწორი და რეალობას აბსოლუტურად აცდენილი სტრატეგია აირჩიეს", - განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.