სამთო კურორტებზე დღეიდან სამართალდამცავების პატრულირება დაიწყება

უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით სამთო კურორტებზე სამართალდამცავები პატრულირებას განახორციელებენ. შესაბამისი განცხადება გუშინ გამართულ პრეკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა. მისივე განმარტებით, შს მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა. "შს მინისტრმა გამოსცა ბრძანება და უკვე ამ შაბათ-კვირას პატრული დაგხვდებათ აბსოლუტურად ყველა სამთო კურორტზე", - განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მთავრობა სამთო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს. შესაბამის კანონში ცვლილებების პროექტი, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტს განსახილველად 10 დღის ვადაში წარედგინება. ერთ-ერთი ცვლილებით, ნასვამ მოთხილამურეს სრიალის უფლება ჩამოერთმევა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გუშინ შეხვდა ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორებს, რომლებიც გუდაურის სათხილამურო ტრასებზე პატრულირებას განახორციელებენ. როგორც სამინისტროში განაცხადეს, შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სათხილამურო გზებზე უსაფრთხოებისთვის დამატებითი ღონისძიებები განხორციელდება, რასაც რეგიონული პოლიციის დეპარტამენტების და შსს-ს სხვა რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები თავიანთი კომპეტენციისა და მოქმედების არეალში უზრუნველყოფენ. უწყების ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილი პატრულ-ინსპექტორებს პროექტის მნიშვნელობაზე, სათხილამურო გზებზე უსაფრთხოების ღონისძიებებზე ესაუბრა და კონკრეტული დავალებები მისცა.