თბილისელები "ყაზტრანსგაზის" მომსახურებაზე ჩივიან

"რისთვის გინდათ ცხელი ხაზი??? ადამიანი რომ იგუდებოდეს კაციშვილი ვერ დაგიკავშირდებათ. ყველაზე სამარცხვინო და საშინელი მომსახურება გაქვთ!"; "კიდევ რამდენი ხანი გელოდოთ შამპუნიანი თავით?!"; "გაზი არ მაქვს სახლში. იქნებ გამაგებინოთ, რატომ არ მაქვს და სასწრაფოდ ჩართოთ. ტელეფონზე რომ დავრეკე თქვენთან, თურმე სამუშაო საათების და დღეების გათვალისწინებით ორშაბათამდე არ მუშაობთ! სასწრაფოდ ჩართეთ!"; "ან ცხელ ხაზზე მიპასუხოს ვინმემ ან აქ გამეცით პასუხი: როდის მოვა გაზი წყნეთში რუსთაველის ქუჩაზე. ასეთი უპასუხისმგებლობა შეიძლება, თქვენ ხომ არაფერი არ გადარდებთ!"; "12 საათიდან კი არა 00:00-დან აღარაა გაზის მოწოდება თემქაზე და ამას წერთ და აქვეყნებთ 12-13 საათის დაგვიანებით. უზნეობა და უპასუხისმგებლობაა ეს! ცხელი ხაზი თქვენ არ გიმუშავებთ და არაფერი..." - ამ ტიპის კომენტარებს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მრავლად შეხვდებით. აღშფოთებული აბონენტები კომპანიას მომსახურების ხარისხის და მოსახლეობასთან კომუნიკაციის უქონლობის გამო ჩივიან. როგორც აღმოჩნდა, სოციალური ქსელი გაზმომმარაგებელ კომპანიასთან საკომუნიკაციოდ, ფაქტობრივად, ერთადერთი საშუალებაა - "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცხელი ხაზი 240 40 04, მხოლოდ სამუშაო დღეებში, ისიც დილის 10:00 საღამოს 18:00-მდე იღებს აბონენტების პრეტენზიებს. დანარჩენ დროს კი ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხების თუ ავარიის შესახებ ინფორმაციის დატოვება აბონენტებს "ფეისბუქის" გვერდზე შეუძლიათ.

როგორ მუშაობს იმ კომპანიის ცხელი ხაზი, რომელსაც თბილისელების თბილ ზამთარზე ზრუნვა ევალება? აბონენტების პრეტენზიების გადამოწმება AMBEBI.GE-მ სცადა. "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცხელ ხაზზე საღამოს დავრეკეთ და მივაწოდეთ ინფორმაცია დაზიანების შესახებ. ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ დილით დავკავშირებოდით, რადგან საღამოს სამუშაოებს ვერავინ შეასრულებდა. მეორე დილით კვლავ დავრეკეთ. ოპერატორმა გადაგვამისამართა შესაბამისი რაიონის სერვისენტრთან. სერვისცენტრმა - ტექნიკურ დეპარტამენტში. იქ გვითხრეს, რომ საავარიო ჯგუფი დაზიანების ადგილზე ერთ საათში მივიდოდა. თუმცა, დღე ისე დასრულდა, რომ "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლები ადგილზე არ გამოჩენილან. მომდევნო დილით ისევ დავრეკეთ ცხელ ხაზზე, ისევ დაგვპირდნენ, რომ ერთ საათში გაასწორებდნენ ხარვეზს. "ყასტრანსგაზის" ჯგუფი ადგილზე მხოლოდ მესამე დღეს, 14:00 საათზე გამოჩნდა…

მოგვიანებით, მოვახერხეთ დავკავშირებოდით "ყაზტრასგაზ-თბილისის" სპეციალური მმართველის თანაშემწეს. ნინო გოგიტიძის თქმით, თუ ინფორმაცია "ფეისბუქზე" ან საავარიო სამსახურშია მიწოდებული, ფაქტობრივად, გამორიცხულია რეაგირება დაუყოვნებლივ არ მოხდეს, თუმცა უშვებს იმას, რომ, შესაძლოა, ინფორმაცია არასწორად იქნა გადაცემული, რის გამოც აბონენტს დროულად ვერ აღუდგა გაზმომარაგება. "თუ ქოლ-ცენტრში ვერ გვიკავშირდებიან, გვწერენ "ფეისბუქზე". შესაბამისად, 09:00-20:00 საათამდე ხდება მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუმცა საღამოს საათებში რაიონების სერვის ცენტრები არ მუშაობენ, ამიტომ შესაძლოა გვიან შემოსულ ზარზე რეაგირება მოხდეს მეორე დღეს. შესაძლოა მისამართის გადაცემა დაგვიანდა და ამიტომ მოხდა შეფერხება. "ფეისბუქის" გვერდზე რომ მოეწერათ, მაშინვე იქნებოდა ინფორმაცია გადაცემული. ცხელი ხაზი ძალიან გადატვირთულია და ვერ ხდება ყველა ზარზე რეაგირება. ამიტომ, ვინც იქ ვერ რეკავს, გვწერს ფეისბუქზე და ჩვენ გადავცემთ შესაბამის სამსახურს" - ამბობს ნინო გოგიტიძე. მისივე თქმით, საავარიო სამსახურთან დაკავშირება, რომელიც გადაუდებელ შემთხვევებში ემსახურება აბონენტებს, შესაძლებელია ნომერზე 114.

ასე რომ, თუ მოულოდნელად გაზმომარაგება შეგიწყდათ, დახედეთ კალენდარს: თუ შაბათ-კვირა არაა, უკვე გაგიმართლათ, შესაძლოა, ვინმემ ყურად იღოს თქვენი გაჭირვება. ნუ ეცდებით ცხელ ხაზზე დაკავშირებას, პირდაპირ მიუჯექით კომპიუტერს და "ყაზტრანსგაზ-თბილისის" "ფეისბუქის" გვერდს მიაკითხეთ... თუ დროულად არავინ დაგეხმარებათ, დანარჩენი ფეისბუქმომხმარებლების პოსტები მაინც გაგამხნევებთ - რომ ცივ ზამთარში სითბოს გარეშე მარტო არ ხართ...

წყარო: AMBEBI.GE