შვეიცარია ლტოლვილებს თავშესაფრის სანაცვლოდ ქონებით უზრუნველყოფას სთხოვს

შვეიცარია ლტოლვილებს თავშესაფრის სანაცვლოდ გარკვეული ქონების უზრუნველყოფას სთხოვს. შვეიცარიაში ჩასულ ლტოლვილებს სახელმწიფოსთვის 1 000 შვეიცარიული ფრანკის (დაახლოებით 914 ევროს) ღირებულების ქონების ჩაბარება მოუწევთ. „გარდიანის“ცნობით, აღნიშნული თანხა ქვეყანაში ლტოლვილების ცხოვრების ხარჯებს მოხმარდება. ამის შესახებ შეტყობინებები სირიელმა ლტოლვილებმა უკვე მიიღეს.

„თუ თქვენ გაქვთ 1 000 შვეიცარიულ ფრანკზე მეტი ღირებულების ქონება, შვეიცარიაში ჩასვლისას, მიგრაციის ცენტრში უნდა წარადგინოთ და ის ქვეყანას თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ ჩააბაროთ“, - წერია საინფორმაციო ბუკლეტში, რომელიც სპეციალურად ლტოლვილებისთვის დამზადდა.

აღნიშნულს ჰუმანიტარული ორგანიზაციების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, როგორც შვეიცარიის მიგრაციის ცენტრში აცხადებენ, ეს წესი დიდი ხანია არსებობს და იგი მხოლოდ გარკვეულ შემთხვევაში მოქმედებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული რეგულაცია მაგალითად, გასულ წელს 45 000 მიგრანტიდან 112-ზე ამოქმედდა.