"საქართველოს მელიორაციამ" სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 118 სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციამ" 2012 წლიდან საქართველოს მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 118 სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა.

როგორც შპს "საქართველოს მელიორაციაში" აცხადებენ, სამეგრელოს რეგიონში ამ პერიოდში ინფრასტრუქტურის 17 სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა. შედეგად რეგიონში მელიორირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 17 000 ჰექტრამდე გაიზარდა.

როგორც შპს "საქართველოს მელიორაციაში" აცხადებენ, აბაშის მუნიციპალიტეტში ანჯელის მასივის დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სისტემა, რომელზეც სამუშაოები ათწლეულებია არ ჩატარებულა, ნატანი მასისგან იწმინდება.

შპს "საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორის ლევან დვალის ინფორმაციით, განხორციელდება ქსელის დაახლოებით 12 კმ. არხის რეაბილიტაცია და 500-მდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მოსახლეობა დრენაჟის სერვისით ისარგებლებს.

"24 წელია ანჯელის სისტემაზე სამელიორაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. თითოეული რეაბილიტირებული არხი კი უხვი მოსავალის საწინდარია", - აღნიშნა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მამუკა კვიტაშვილმა.

სამუშაოები, რომელთა ღირებულებაა 400 000 ლარი, 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის გაზაფხულისთვის დასრულდება. დღეისათვის შპს "საქართველოს მელიორაცია" ქვეყნის მასშტაბით 21 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.