აშშ-მა და ევროპამ ირანს სანქციები მოუხსნეს

აშშ-მა და ევროპამ ირანისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები გააუქმეს. ირანის მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ მოხდა, სადაც აღნიშნულია, რომ ირანმა ბირთვული პროგრამის გაყინვისთვის საჭირო ყველა პირობა შეასრულა.

ირანისთვის სანქციების გაუქმებას აშშ-ის პრეზიდენტმა წუხელ გვიან ღამით მოაწერა ხელი. თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფრედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები უქმდება.

„ირანმა მსოფლიოსთან ურთიერთობის ახალი ქვეთავი გადაშალა“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ სანქციების მოხსნის შემდეგ.

ირანისთვის სანქციების გაუქმება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში პუბლიკაციის გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.

ირანსა და ექვსეულს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთი) შორის შეთანხმება 2015 წელს იქნა მიღწეული. შეთანხმების მიხედვით, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ თეირანი უარს იტყოდა ბირთვული პროგრამის განვითარებაზე.

სანქციების გაუქმება ირანს ნავთობის ექსპორტის გაზრდის საშუალებას მისცემას, რამაც შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ნავთობის ბაზარზე, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში ნავთობის გადაჭარბებული მიწოდებაა.

ირანისთვის სანქციების მოხსნა ასევე ნიშნავს, რომ ირანისთვის ხელმისაწვდომი ხდება დაახლოებითი 50 მილიარდი დოლარი, რომელიც აქამდე გაყინული იყო. გარდა ამისა, ირანი შეძლებს შეიარაღებისა და ტექნოლოგიების შეძენას, რაც აქამდე მისთვის შეზღუდული იყო.

ბირთვული პროგრამის შემუშავების გამო ირანს სანქციები 2005 წელს დაუწესდა.