დევიდ ბოუის თაყვანისმცემლები 20-ფუნტიანზე მუსიკოსის პორტრეტის განთავსებას ითხოვენ

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის დევიდ ბოუის თაყვანისმცემლები ინგლისის ბანკს პეტიციით მიმართავენ და 20-ფუნტიან ბანკნოტზე მომღერლის პორტრეტის განთავსებას სთხოვენ.

ბრიტანული The Independent-ის ინფორმაციით, პეტიციას ამ დროისთვის უკვე მოაწერა ხელი 30 ათასმა ადამიანმა. პეტიციის განსახილველად მასზე სულ მცირე 35 ათასი ხელმოწერაა საჭირო.

ინგლისის ბანკმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 20-ფუნტიან ბანკნოტზე ცნობილი ეკონომისტის ადამ სმიტის პორტრეტის შეცვლას გეგმავდა. ბანკმა სმიტის „შემცვლელის“ დასახელება ქვეყნის მოსახლეობას მიანდო.

„დევიდ ბოუის ხსოვნის უკვდავსაყოფად ამაზე უკეთესი გზა არაფერია და დღეს არ გვეგულება ვინმე, ვინც ბოუიზე მეტად იმსახურებას 20-ფუნტიან ბანკნოტზე განთავსებას“, - ნათქვამია პეტიციაში.

დევიდ ბოუი 69 წლის ასაკში სიმსივნით 10 იანვარს გარდაიცვალა.