ირანისთვის სანქციების მოხსნის ფონზე, შუა აღმოსავლეთის საფონდო ბირჟები დაეცა

აშშ-სა და ევროპის მიერ ირანისთვის ეკონომიკური სანქციების გაუქმების ფონზე, შუა აღმოსავლეთის ქვეყნების საფონდო ბაზრები დაეცა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, დუბაის DFM General Index 4,8%-ით 2,682.56 პუნქტამდე დავარდა, საუდის არაბეთის Tadawul-ის საფონდო ინდექსმა კი 7%-იანი ვარდნა განიცადა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ხუთი წლის განმავლობაში. ასევე 7%-ით დაეცა ყატარის QE Index, 4,2%-ით შემცირდა აბუ-დაბის ADX General Index, 4,2%-ით - ომანის MSM 30 Index, ხოლო 3,2%-ით შემცირდა ქუვეითის საფონდო ინდექსი, რაც ყველაზე მინიმალური მაჩვენებელია 2004 წლის მაისის შემდეგ.

თავის მხრივ, 0,9%-ით გაიზარდა ირანის TEDPIX-ის ინდექსი.

ირანს ბირთვული პროგრამის გამო 2005 წელს დაწესებული სანქციები აშშ-მა და ევროპამ გუშინ მოუხსნეს.

ირანის მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ მოხდა, სადაც აღნიშნულია, რომ ირანმა ბირთვული პროგრამის გაყინვისთვის საჭირო ყველა პირობა შეასრულა.

სანქციების გაუქმება ირანს ნავთობის ექსპორტის გაზრდის საშუალებას მისცემას, რამაც შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ნავთობის ბაზარზე, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში ნავთობის გადაჭარბებული მიწოდებაა.