ნავთობის ფასი 28 დოლარზე ქვევით დაეცა

აშშ-სა დ ევროპის მიერ ირანისთვის სანქციების მოხსნის ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 2003 წლის მინიმუმამდე დაეცა. „როიტერის“ ინფორმაციით, ორშაბათის სავაჭრო სესიის დაწყებისას „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 27,67 დოლარამდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2003 წლის შემდეგ. თუმცა, გამთენიისას ფასმა მცირედით მოიმატა და ბარელზე 28,55 დოლარი შეადგინა.

38 ცენტით შემცირდა აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი, რომელმაც ბარელზე 29,04 დოლარი შეადგინა.

ირანს ბირთვული პროგრამის გამო 2005 წელს დაწესებული სანქციები აშშ-მა და ევროპამ 16 იანვარს მოუხსნეს.

ირანის მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ მოხდა, სადაც აღნიშნულია, რომ ირანმა ბირთვული პროგრამის გაყინვისთვის საჭირო ყველა პირობა შეასრულა.

სანქციების გაუქმება ირანს ნავთობის ექსპორტის გაზრდის საშუალებას მისცემს, რამაც შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ნავთობის ბაზარზე, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში ნავთობის გადაჭარბებული მიწოდებაა.

გუშინ, ირანმა, რომელიც ოპეკ-ის წევრია, განაცხადა, რომ მზად არის, ნედლი ნავთობის ექსპორტი დღეში დამატებით კიდევ 500 ათასი ბარელით გაზარდოს.