აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. "ბიბისის" ცნობით, ამის მიზეზი თეირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდა გახდა. ახალი სანქციები ირანულ კომპანიებს და ფიზიკურ პირებს დაუწესდათ. კერძოდ, 11 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ სარაკეტო პროგრამასთან, აშშ-ის საბანკო სისტემის გამოყენება აეკრძალათ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აშშ-ისა და ევროპის მიერ ირანის წინააღმდეგ ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული ძველი სანქციების მოხსნა.

ირანისათვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნის საფუძველზე მიიღეს, რომლის მიხედვითაც თეირანმა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პირობები შეასრულა.