სახელმწიფო "საქართველოს ლატარიის კომპანიის" საკუთრებაში არსებულ 70%-იან წილს ყიდის

ფინანსთა სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე გამოცხადებული აუქციონის ვადები ეჭვებს აჩენს.

ამის შესახებ გადასახადების გადამხდელთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. კავშირის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 70%-იანი წილის გაყიდვა გადაწყვიტა, რაც, ერთის მხრივ, მისასალმებელია, თუმცა მიმდინარე წლის 14 იანვარს ფინანსთა სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე გამოცხადებულმა აუქციონმა ბევრი კითხვა გააჩინა.

გადასახადების გადამხდელთა კავშირის ინფორმაციით, პირველ რიგში, ეჭვის საფუძველს აუქციონის ვადები აჩენს.

”პირველ რიგში, ეჭვებს აჩენს აუქციონის ვადები - 2016 წლის 14-28 იანვარი. გაუგებარია, რატომ ტარდება აუქციონი ასეთ მოკლე პერიოდში, წინასწარი ინფორმაციის გავრცელების გარეშე. როგორც წესი, ასეთი ტიპის აუქციონები რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება, რათა მაქსიმალურად მოხდეს პოტენციური მყიდველების ინფორმირება და მათ მიეცეთ საკმარისი დრო საპრივატიზაციო ობიექტის შესასწავლად. ორი კვირა ძალიან მოკლე დროა იმისთვის, რომ დაინტერესებულმა პირმა სათანადოდ შეისწავლოს კომპანიის მდგომარეობა და მიიღოს გადაწყვეტილება”, - აღნიშნავენ გადასახადების გადამხდელთა კავშირში.

მათივე განცხადებით, ”საქართველოს ლატარიის კომპანიას“ ბიუჯეტის მიმართ დავალიანება აქვს.

„საქართველოს ლატარიის კომპანიას“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიურ უფლებას ფლობს და რომელიც, ფაქტობრივად, მონოპოლისტია ბაზარზე, გააჩნია ბიუჯეტის მიმართ 216 318 937 ლარის ოდენობით დავალიანება. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს კომპანიის ამჟამინდელი და ყოფილი მენეჯმენტის საქმიანობის მიმართ და საჭიროებს განმარტებების გაკეთებას. ცნობისთვის, კომპანიის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ წილს მართავდა საქართველოს ფოსტა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ ექსკლუზიური უფლებები მიენიჭა 2009 წელს ტენდერის საფუძველზე (რაც არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი) და კომპანიამ 10 წლის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 913 351 000 ლარის შეტანის ვალდებულება აიღო. დღეს კი, ირკვევა, რომ შეთანხმებიდან 6 წლის შემდეგ კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დიდი ოდენობით დავალიანება დაუგროვდა და ის, სავარაუდოდ, ვერ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს. ამ ფონზე, ეჭვქვეშ დგება კომპანიისთვის ექსკლუზიური უფლებების შენარჩუნების მიზანშეწონილობა”, - ნათქვამია გადასახადების გადამხდელთა კავშირის განცხადებაში.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კავშირი რამდენიმე მოთხოვნას აქვეყნებს. მათი პირველი მოთხოვნაა, შეჩერდეს აუქციონი, რათა დაინტერესებულ პირებს კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და ანალიზის საშუალება მიეცეთ. კავშირის ასევე ითხოვს ”საქართველოს ლატარიის კომპანიის” მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანების მიზეზების დადგენასა და მენეჯმენტის საქმიანობის შეფასებას. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, საჭიროების შემთხვევაში უნდა დადგეს ექსკლუზიური უფლებების გაუქმების საკითხი.

”თუ დადასტურდება ის, რომ „საქართველოს ლატარიის კომპანია“ ვერ ასრულებს „საქართველოში ეროვნული ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე” ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, უნდა დადგეს აღნიშნული ექსკლუზიური უფლებების გაუქმების საკითხი და მოხდეს ბაზრის სრული დემონოპოლიზაცია”, - აღნიშნავენ გადასახადების გადამხდელთა კავშირში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე