სვიანას რეკრეაციული ზონის განვითარების პერსპექტივები განიხილეს

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) წარმომადგენლებისა და სოფელ ფშავლის ქალთა საბჭოს წევრების საკოორდინაციო შეხვედრაზე სვიანას რეკრეაციული ზონის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელიდან აცნობეს, CENN-ის მხრიდან, ასევე, მოხდა კონკრეტული ინიციატივების წარდგენა, რომლებიც სვიანას რეკრეაციულ ზონაში ახალი სერვისების განვითარებას ეხება. გარდა ამისა, პარტნიორი ორგანიზაციის "საქართველოს ბუნების მოყვარულთა საზოგადოების" წარმომადგენლებმა ქალთა საბჭოს გააცნეს ინიციატივა, მთლიანად სტორის ხეობის ტურისტული განვითარებისა და მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ფშავლის ქალთა საბჭომ თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყო.

CENN-ის ინფორმაციით, მეტად პრობლემური საკითხი იყო რეკრეაციული ზონიდან ნარჩენების გატანა. იმის გამო, რომ სვიანას ბევრი ვიზიტორი სტუმრობდა, ნარჩენებიც შესაბამისად ბევრი იყო და მისი გატანა დიდ პრობლემას წარმოადენდა. ნარჩენები პერიოდულად ხან "სენს" გაჰქონდა და ხან - თელავის მუნიციპალიტეტს, თუმცა ნარჩენების დიდი მოცულობა მაინც რთულად გასატანი იყო. ამჯერად გადაწყდა, რომ რეკრეაციულ ზონაზე მოვლა-პატრონობას ფშაველის ქალთა საბჭო აიღებს და შესაბამისად, ნარჩენების პრობლემაც მოგვარდება.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) მიერ მდინარე სტორის ხეობაში, სვიანას რეკრეაციული ზონის ერთ ნაწილში მოეწყო ინფრასტრუქტურა - მაგიდების, ფანჩატურებისა და ცეცხლის დასანთები ადგილების სახით. ამ აქტივობის მიზანია აღნიშნულ ზონაში ტყეების მდგრადი მართვის ხელშეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობის დაინტერესებულობის გაზრდა ამ მიმართულებით. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სვიანას რეკრეაციული ზონის განვითარებას დიდი პერსპექტივა აქვს.

პროექტი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ ხორციელდება და მისი მხარდამჭერია ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC).