პრემიერ-მინისტრმა ბიზნესსექტორს ეკონომიკური განვითარების 4 ძირითადი მიმართულება გააცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების 4 ძირითადი მიმართულება გააცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში ისაუბრა, სადაც ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება.

"თქვენ განსაზღვრავთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ამიტომ ჩვენ თქვენთან ერთად გვინდა განვიხილოთ ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც მოვახდენთ მთლიანად მთავრობის მუშაობის ფოკუსირებას. ვფიქრობთ, რომ გამოკვეთილია 4 უმთავრესი მიმართულება - პირველი ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ამ კუთხით გასატარებელი რეფორმები შეგვიძლია რამდენიმე ძირითადი ქვეპუნქტით შემოვფარგლოთ. ეს არის უპირველეს ყოვლისა, საგადასახადო რეფორმა, რომელსაც თან ახლავს, როგორც საკანონმდებლო, ასევე ადმინისტრაციული ნაწილი. მხედველობაში მაქვს მხოლოდ და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრა, მოგების გადასახადისგან გათავისუფლება. ეს არის საგადასახდო რეფორმის ესტონური მოდელი. ასევე ეს არის მაქსიმალურად რეგლამენტირება საგადასახადო ადმინისტრაციული ორგანოების და მათი მუშაობის იმისთვის, რომ დროში შემოფარგლული იყოს თითოეული შემოწმება. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ პატიმრობები, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკურ დანაშაულს. გარდა ამისა, აუცილებელია ფინანსური პოლიციის მოქმედების მაქსიმალური რეგლამენტაცია. მთლიანობაში, ამასთან დაკავშირებით გვინდა, რომ თქვენი მოსაზრებები მოვისმინოთ. ეკონომიკური გუნდი მუშაობს დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასა და სტარტაპის დაფინანსების მექანიზმის შექმნაზეც. ამ მიმართულებითაც არის სხვადასხვა ქვესაკითხი", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს.

მისივე თქმით, რეფორმის მეორე ბლოკი მთავრობის გადაწყვეტილებების პროცესში ბიზნესის აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.

"მეორე ბლოკი ეს არის ჩართულობისა და გამჭვირვალობის რეფორმა ანუ მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თქვენი მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. ეს თავისთავად მოიცავს მთავრობის მუშაობის უფრო მეტ გამჭვირვალობას. ეს გულისხმობს პროცესში ყველა ადამიანის ჩართვას, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი ახალგაზრდებსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებზე გაკეთდება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათი მიზანია, ყველა ადამიანს გაუჩინონ შეგრძნება, რომ ის არის ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესის მონაწილე, რომელიც კი მთავრობის ადმინისტრაციასა თუ სხვა სამთავრობო შენობაში მიიღება.

"ეს ასევე ითვალისწინებს ერთიანი ფრონტ-ოფისის შექმნას მთელი მთავრობისთვის, ითვალისწინებს გადაწყვეტილებების მიღების დროის რეგლამენტირებას და ჩვენ გვექნება მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური დანაყოფი, რომელიც კონკრეტულად ამ მიმართულებების მონიტორინგს განახორციელებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მთავრობის ადმინისტრაცია არავითარ შემთხვევაში არ იქნება პოლიტიკის შემქმნელი. პოლიტიკის შემქმნელებად რჩებიან სამინისტროები. უბრალოდ ადმინისტრირების გაუმჯობესების კუთხით იქნება სპეციალური კონტროლი მთავრობის ადმინისტრაციიდან გადაწყვეტილების მიღების ხანგრძლივობის, გამჭვირვალეობისა და ჩართულობის მიმართულებით", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, რეფორმის მესამე ბლოკი რეგიონების განვითარებას გულისხმობს, რომელიც მისი შეფასებით, აღნიშნულ პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი უნდა იყოს.

"ხშირად ჩვენ გვაქვს შეგრძნებები, რომ რაღაცებს ვახორციელებთ, მაგრამ რეგიონებში გვაქვს სხვა საქართველო, სხვა ადამიანებით. იქ სხვა რეალობაა – იქ ადამიანებს არანაირი შეგრძნება არ აქვთ, რომ რაიმე კუთხით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობენ. ამიტომ ჩვენი მაქსიმალური აქცენტი გადატანილი იქნება რეგიონულ განვითარებაზე. რეგიონული ინფრასტრუქტურული პროქტების დაჩქარებასა და ასევე ამ პროექტების სწორ პრიორიტეტიზაციაზე, რათა ისინი მაქსიმალურად პასუხობდნენ იმ მოთხოვნებს და გამოწვევებს, რომლებიც რეგიონებშია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება რეფორმის მეოთხე ნაწილს, პრემიერის თქმით, ის საგანმანათლებლო სისტემას უკავშირდება.

"ვფიქრობთ, რომ აქ ძალიან სერიოზული რეფორმებია ჩასატარებელი რამდენიმე მიმართულებით, თუმცა 3 უმთავრეს მიმართულებას გამოვყოფ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის პროფესიული განათლების განვითარება და პროფესიული განათლების პრესტიჟის ამაღლება ქვეყანაში. მეორე - ზოგადი განათლების რეფორმაა, რათა მაქსიმალურად ავწიოთ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში განათლების ხარისხი, ხოლო მესამე, ეს გახლავთ უმაღლესი განათლების ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც დაეფუძნება დინამიურ კვლევას იმ მოთხოვნებისა, რომლებიც ქვეყანაში არსებობს და არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სხვა სპეციალობებში, რათა მაქსიმალურად სწორად იქნას დახარჯული სამთავრობო რესურსი. ჩვენ არ ვაწარმოებთ მომავალ პოტენციურ უმუშევრებს, როგორც ეს, სამწუხაროდ, დღეს ხდება", - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.