ირაკლი აბესაძე - საბურთალოზე საცობების განსატვირთად შემუშავებული იდეებისთვის მერიამ 100 000 ლარი გადაიხადა

საბურთალოს რაიონში ორი სატრანსპორტო კვანძის საცობებისაგან განსატვირთად შემუშავებული იდეებისთვის თბილისის მერიამ 100 000 ლარი გადაიხადა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოში დღეს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ განუცხადა. ირაკლი აბესაძის თქმით, გერმანულმა საკონსულტაციო კომპანიამ მერიას რეალურად საბურთალოს რაიონის საცობებისაგან განსატვირთად ხუთი იდეა შესთავაზა, რაშიც მერიამ 100 000 ლარი გადაიხადა. აბესაძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ ორი სატრანსპორტო კვანძის საცობებისგან განსატვირთად მომზადებული გეგმა, ქალაქში ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. მისივე თქმით, არაერთი საერთაშორისო ბანკი გამოყოფს გრანტს უცხოელების საკონსულტაციო მომსახურებისთვის.

"თბილისის მერიას შეეძლო მსგავსი შეთავაზებით ესარგებლა. თავის დროზე აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი გრანტით მომზადდა ვეფხვი და მოყმესთან ასაშენებელი ხიდის საპროექტო წინადადება, რაშიც მერიას არაფერი არ გადაუხდია", - დასძინა აბესაძემ. მისივე თქმით, თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს მომზადებული აქვთ თბილისის საცობების განტვირთვის გეგმა, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობენ.

აბესაძე აცხადებს, რომ ეს გეგმა უფასოდ მოამზადეს. ახლახან თბილისის მერიაში ერთ-ერთი გერმანული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის ექსპერტებმა საბურთალოს რაიონის საცობებისგან განტვირთვის მიზნით ჩატარებული კვლევა წარმოადგინეს და თბილისის მთავრობას ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხუთი ვარიანტი შესთავაზეს.