ნოდარ ხადური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ძინ ლიცუნს შეხვდა. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს რეგიონულ როლს და ბანკის პოტენციური საინვესტიციო პროექტები განიხილეს. შეხვედრაზე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს ფინანსთა მინისტრს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა თბილისში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი ქვეყნების მთავარი მომლაპარაკებლების მე-6 შეხვედრის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

ნოდარ ხადურმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველო აქტიურად ჩაერთოს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საქმიანობაში. როგორც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი შეინარჩუნებს მჭიდრო კომუნიკაციას ქართულ მხარესთან და მხარს დაუჭერს საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.