ტექნოპარკი იდეების მქონე გუნდებს კომპანიებად ჩამოყალიბებასა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში დაეხმარება

ტექნოპარკი იდეების მქონე გუნდებს კომპანიებად ჩამოყალიბებასა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში დაეხმარება. ტექნოპარკი ეძებს გუნდებს, რომლებსაც გააჩნიათ იდეა და ამ იდეის კომერციულ პროექტად განვითარების და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის სურვილი. ტექნოპარკის ინფორმაციით, შერჩეული სტარტაპები განთავსდებიან ტექნოპარკის ბიზნეს ინკუბატორში.

ინკუბატორის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციური და ტექნოლოგიებზე დაყრდნობილი ბიზნეს იდეის მქონე გუნდებს, რათა მოხდეს მათი სტაბილურად განვითარებად კომპანიად ჩამოყალიბება. ამისათვის ტექნოპარკი მათ მომსახურების სრულ ციკლს შესთავაზებს.

ინკუბატორში განხორციელდება Start-up-ებისთვის სხვადასხვა სერვისების შეთავაზება, მათ შორის: საერთო სამუშაო სივრცეში განთავსება, წვდომა ექსპერტებთან მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსების, პერსონალის მართვის და სხვა დარგებში (სერვისის მიწოდება განხორციელდება მართვის აკადემიის მიერ); ფინანსური, იურიდიული და ბუღალტრული მომსახურება (სერვისის მიწოდება განხორციელდება დელოიტის მიერ); ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები (სერვისის მიწოდება განხორციელდება საქპატენტის მიერ); კონსულტაცია ონლაინ პლატფორმებზე ტექნოლოგიური ინოვაციების გასატანად, მენტორშიპი ბიზნესის სტრატეგიული განვითარებისა და გლობალური მარკეტინგის წარმოების შესახებ, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში (FabLab) პროტოტიპის შექმნას, საერთაშორისო კომპანიების შოურუმები და ფუნქციური სივრცეები სატესტო აპარატურით (Intel, HP, Autodesk, Samsung, Cisco, Epson), სატრენინგო ოთახები, საკონფერენციო სივრცე, შეხვედრების ოთახები ვიდეო კონფერენციების აპარატურით, ბიბლიოთეკა ინოვატორებისათვის საინტერესო ლიტერატურით, რეზერვირებული მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, წვდომა ქლაუდ სერვისებთან. ბიზნეს ინკუბატორში მოხვედრის პირობების ნახვა შესაძლებელია საიტზე www.techpark.ge.