მეტროსადგურ "ტექნიკური უნივერსიტეტის" მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დასრულდა

სპორტის სასახლისა და მეტროსადგურ "ტექნიკური უნივერსიტეტის" მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დასრულდა. შპს "ლოჯიკ გრუპის" მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სპორტის სასახლესა და მის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე განხორციელებული საინვესტიციო სამუშაოები დღეს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ დაათვალიერა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, "სპორტის სასახლის" 100%-იანი წილი 30 წლის ვადით, საინვესტიციო ვალდებულებით "ლოჯიკ გრუპს" 2007 წელს გადაეცა. "ლოჯიკ გრუპთან" გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა შენობის მიმდებარედ საზოგადოებრივი სივრცის მოწყობას, ასევე, ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული სპორტის სასახლის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. თუმცა გასულ წელს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და "ლოჯიკ გრუპს" შორის შედგა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც შესაბამისი სამუშაოები გასულ წელსვე დაიწყო.

"ეს არის ძალიან კარგი მაგალითი მუნიციპალიტეტის და კერძო სექტორის თანამშრომლობის. კერძო სექტორმა, რომელსაც მმართველობაში აქვს აღებული მუნიციპალური ქონება, მოაწყო საზოგადოებრივი სივრცე. ასევე ჩვენი ინიციატივით მოხდა სპორტის სასახლის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ცენტრალურ შესასვლელში დამონტაჟდა პანდუსი, დარბაზში მოეწყო აივანი ეტლით მოსარგებლე მაყურებლებისთვის, გაკეთდა ორი ადაპტირებული სველი წერტილი, უკანა შესასვლელში ეტლით მოსარგებლე პირებისთვის დამონტაჟდა ჰიდრავლიკური ამწე. ეს არის კარგი დასაწყისი და მაგალითი სხვა ადმინისტრაციული თუ მართვაში მყოფი შენობების რეაბილიტაციის", - განაცხადა მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ.

"ლოჯიკ გრუპს" ამ დროისთვის განხორციელებული აქვს 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. ხელშეკრულების თანახმად, "ლოჯიკ გრუპმა" სულ ჯამში, ხუთი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.