ირანი აშშ-ის ახალ სანქციებს აკრიტიკებს

ირანი აშშ-ის მიერ ირანელების წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის გამო დაწესებულ ახალ სანქციებს აკრიტიკებს. "ბიბისის" ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ჰუსეინ ჯაბერ ანსარმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციები არალეგიტიმურია.

"ბალისტიკური რაკეტის პროგრამის განვითარება არასოდეს ყოფილა ბირთვული იარაღის განვითარებისკენ მიმართული", - განაცხადა მან. დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა ირანულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესა. კერძოდ, 11 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ სარაკეტო პროგრამასთან, აშშ-ის საბანკო სისტემის გამოყენება აეკრძალათ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აშშ-ისა და ევროპის მიერ ირანის წინააღმდეგ ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული ძველი სანქციების მოხსნა. ირანისათვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნის საფუძველზე მიიღეს, რომლის მიხედვითაც თეირანმა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პირობები შეასრულა.