დიმიტრი ქუმსიშვილი – ჩვენ ბიზნესსექტორის ყველა ინიციატივას განვიხილავთ

ჩვენ შევთანხმდით ბიზნესთან, რომ ყველა ინიციტივას განვიხილავთ და უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით გადაწყვეტილებებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა , სადაც ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია რეფორმა, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდა და რომელიც საგადასახადო ადმინისტრირებას შეეხება.

"ჩვენ ბიზნესის მხრიდან არაერთხელ მოგვისმენია, რომ მნიშვნელოვანია ადმინისტრირების მიმართულებით შემოწმებები სწრაფად დაიწყოს, სწრაფად დამთავრდეს და გადაწყვეტილებები იყოს გამჭვირვალე, რასაც ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად ახორციელებდა, თუმცა გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის საჭირო. ამ მიმართულებით გააჟღერა დღეს პრემიერ-მინისტრმა ინიციატივები, რომლებიც ცხოვრებაში იქნება გატარებული", - განაცხადა ქუმსიშვილმა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, დღევანდელ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ინიციტივები მოისმინეს ბიზნესის მხრიდანაც.

"მაგალითად, ერთ-ერთი ინიციტივა იყო ის, რომ საგადასახადო შემოწმების დროს არ მომხდარიყო ანგარიშებზე ინკასოს დადება და ანგარიშების გაყინვა. ყველა ეს ინიციტივა იქნება განხილული. ჩვენ შევთანხმდით ბიზნესთან, რომ ყველა ინიციტივას განვიხილავთ და უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით გადაწყვეტილებებით", - განაცხადა ქუმსიშვილმა.