"დელტა კომმი" ე.წ.კაბელების საქმის ადვოკატს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

კომპანია "დელტა კომმი" ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც მოგეხსენებათ, ე.წ.კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატ ლევან სამუშიას მიერ გავრცელდა კომპანია "დელტა ნეტის" არაოფიციალური, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლისთვის ელ. ფოსტით გაგზავნილი კომერციული შეთავაზების არასრული და მხოლოდ მანიპულაციებისთვის გამოსადეგი ნაწილი, რომლის გავრცელების ერთადერთი მიზანი არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ფაქტების დამახინჯებული ინტერპრეტაციით (სამგვერდიანი შეთავაზების ფრაგმენტის - პირველი ორი გვერდის გასაჯაროებით) საზოგადოებრივი აზრის არასწორი ფორმირება. კერძოდ, ადვოკატ ლევან სამუშიას მიერ გავრცელებული ელფოსტით გაგზავნილი კომერციული შეთავაზება წარმოადგენს არა კომპანია "დელტა კომმის", არამედ კომპანია "დელტა ნეტის" შეთავაზებას. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კომპანია "დელტა ნეტი" არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობას წარმრთავს დამოუკიდებლად, ჰყავს დამოუკიდებელი ადმინისტრაცია და კომპანია "დელტა კომმი" მის საქმიანობაში არ ერევა. შპს "დელტა ნეტს" აქვს თავისი კომერციული მიზნები, რის საფუძველზეც აღნიშნული კომპანია სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებს მათი მოთხოვნების შესაბამისად აწვდის კომერციულ შეთავაზებებს. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რიგ შემთხვევებში შპს "დელტა ნეტი" გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ ოპერირებას უწევს შპს "დელტა კომმის" ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელს. აღნიშნული შეთავაზება წარდგენილია 2012 წლის დეკემბერში თავდაცვის სამინისტროს აბსოლუტურად განსხვავებული მოთხოვნის საფუძველზე. თავდაცვის სამინისტრომ კი ე.წ. კაბელების საქმის პროექტზე მუშაობა დაიწყო 2013 წლის თებერვალში და კონკურსი საგნობრივად სხვა მოთხოვნებით 2013 წლის სექტემბერში ჩაატარა.

დაცვის მხარის გუშინდელი განცხადების გამოქვეყნების შემდეგ შპს "დელტა კომმის" მიერ შპს "დელტა ნეტიდან" გამოთხოვილ იქნა მოხსენიებული შეთავაზების სრული ვერსია, რის შემდეგაც ირკვევა, რომ დაცვის მხარემ არაკეთილსინდისიერად გამოიყენა აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც შედგენილია კომპანიის რიგითი გაყიდვების მენეჯერის მიერ იმ დროს არსებული სტანდარტული ტარიფების მიხედვით და მიუხედავად ამისა, მაინც ხელსაყრელ წინადადებას სთავაზობდა თავდაცვის სამინისტროს. აღნიშნული შეთავაზების მიხედვით, ფასები განსაზღვრული იყო მომსახურების მოკლე პერიოდზე - ერთ წელზე და ბონუსად დამატებული იქნა ინტერნეტის მიწოდებაც. თუ სამინისტრო მრავალწლიან მომსახურებას შეისყიდიდა და ანგარიშსწორებას წინასწარ მოახდენდა, აღნიშნული ფასებიდან შეთავაზებული იქნა ფასდაკლება 10%-ის ოდენობით და ამის გარდა, ყოველ მომდევნო წელზე დამატებით ფასდაკლება კიდევ 5%-ის ოდენობით, რაც 21-წელზე გადაანგარიშებით მინიმუმ სიმბოლურ თანხად მომსახურების მიღების საშუალებას აძლევდა თავდაცვის სამინისტროს. ამასთან ელფოსტით შეთავაზებული იქნა დამატებითი მოლაპარაკებების წარმართვა, შეთავაზებული პირობების გაუმჯობესების მიზნით.

შეთავაზების სწორედ აღნიშნული დასკვნითი ნაწილი არ იქნა გასაჯაროებული ადვოკატ ლევან სამუშიას მხრიდან, რაც გვაფიქრებინებს, რომ დაცვის მხარისთვის მთავარია, არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების ინტერესების დაცვა და მათი უდანაშაულობის დამტკიცება, არამედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ამისთვის ისეთი ფაქტებით მანიპულირება, რომლთაც საერთო არაფერი აქვთ ე.წ. კაბელების საქმესთან. კომპანია "დელტა კომმი" არ წარმოადგენს ე.წ. კაბელების საქმეში მხარეს და რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილსინდისიერი ქმედებებით საზოგადოების თვალში მისი მხარედ წარმოჩენა მიუღებელი და საზიანოა ჩვენი კომპანიისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს "დელტა კომმი" ე.წ. კაბელების საქმის მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დამახინჯებულ ფაქტებზე დამყარებული ისეთი სახის განცხადებებისგან, რომლებიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და შპს "დელტა კომმის" დისკრედიტაციას", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.