იციკ მოშე მიიჩნევს, რომ ინვესტორებს, რომლებიც საქართველოში 10 მლნ დოლარზე მეტ ინვესტიციას შემოიტანენ, პრივილეგიები უნდა ჰქონდეთ

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე მიიჩნევს, რომ იმ ინვესტორებს, რომლებიც საქართველოში 10 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას შემოიტანენ და 100 ადამიანს დაასაქმებენ, პრივილეგიები უნდა ჰქონდეთ.

იციკ მოშემ აღნიშნული საკითხი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე დააყენა.

დღევანდელ შეხვედრას იციკ მოშე დროულს უწოდებს.

"მინდა გითხრათ, რომ 2016 წელი იქნება ვარდნის წელი, მსოფლიო ეკონომიკა კიდევ ქვემოთ ჩადის და განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამგვარ შეხვედრას მართავს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მჯერა, რომ როდესაც ქვეყანაში ბიზნესი ქვემოთ ჩადის, საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, აქვს უდიდესი შანსი, რომ ინვესტორები მოიზიდოს. ჩვენ შევიტანეთ ჩვენი წინადადება, რომ მზად ვართ ისრაელის მთავრობასთან ერთად შემოვიტანოთ ის გამოცდილება, რაც ამ პერიოდში ისრაელს ჰქონდა. ეს შეიძლება შეეხოს იმ ინვესტორებს, რომლებიც საქართველოში 10 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას შემოიტანენ და დაასაქმებენ 100 ადამიანს. პრემიერ-მინისტრმა მთხოვა, რომ ამ კვირაში ეს წინადადება შემოვიტანო", - განაცხადა მოშემ.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის განცხადებით, თუ მთავრობას უნდა განავითაროს ურთიერთობა ქვეყნებთან, ბიზნესასოციაციები არიან ამ პროცესში ყველაზე მთავრები და არა დიპლომატები, რადგან ეს უკანასკნელნი საკუთარ ქვეყნებს წარმოადგენენ.

მისივე თქმით, ბიზნესასოციაციებთან ერთობლივი მუშაობა იქნება გარანტია, რომ 2016 წელს საქართველო უფრო მაღლა ავიდეს და ამის შანსი არის.

"იმ ინვესტორებს, რომლებიც საქართველოში 10 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას შემოიტანენ, მათ ექნებათ განსაკუთრებული პრივილეგიები, ისრაელის გამოცდილებით, ეს იქნება მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ვინაიდან მსოფლიოში ყველა დუმს. დღეს საქართველოს აქვს შანსი, თავისი სიტყვა თქვას და მსოფლიოს მესიჯი გაუგზავნოს. თუ ეს ინვესტორები მიიღებენ იმ პრივილეგიას, რომ ისინი იქნებიან განთავისუფლებულები მოგების, ან სხვა გადასახადიდან, ვიდრე ინვესტიციას ამოიღებენ, ჩემი აზრით, ეს არის დროული", - განაცხადა იციკ მოშემ.

მისივე თქმით, ამ სიტუაციაში, როდესაც მსოფლიოს სხვა ადგილებზე ეკონომიკა არის ქვემოთ, საქართველოს დღეს აქვს ყველაზე დიდი შანსი, რომ თავის ელჩებთან ერთად მსოფლიოში ინვესტორებს რამდენიმე მესიჯი გაუგზავნოს.

იციკ მოშე დარწმუნებულია, რომ ისრაელელი ინვესტორებისთვის ეს იმუშავებს.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა ყველა სფეროში უფრო მოქნილი უნდა იყოს.

"საქართველო ცოტა შორსაა იმ ქვეყნებიდან, სადაც ყველაფერი ბოლომდე დახვეწილი უნდა იყოს. ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობა უფრო მოქნილი უნდა იყოს ყველა სფეროში, ვინაიდან დღეს აქვს საქართველოს შანსი, რომ ინვესტორები მოიზიდოს და უფრო მეტი ყურადღება, უფრო მეტი მოქნილობა, უფრო მეტი ყურადღება ინვესტორების მისამართით იქნება მნიშვნელოვანი", - განაცხადა მოშემ.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრნენ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე