ირაკლი აბესაძე - წელს თბილისს ახალი ავტობუსები არ ეყოლება და ეს ნარმანიასა და "ქართული ოცნების" მორიგი ტყუილია

სამწუხაროდ, 2016 წლის განმავლობაში ქალაქს ახალი ავტობუსები არ ეყოლება და ეს ნარმანიასა და "ქართული ოცნების" მორიგი ტყუილია , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ გნუცხადა. მისივე თქმით, "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თბილისში ავტობუსების შემოსაყვანად ტენდერი 2015 წლის ნოემბერში უნდა გამოცხადებულიყო და სასესხო ხელშეკრულებაზე ჯერ მოლაპარაკებები არ დასრულებულა.

"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან" მიმდინარეობს თითქოს მოლაპარაკება სასესხო ხელშეკრულებაზე, რათა 2016 წელს თბილისს ახალი ავტობუსები ჰყოლოდა. თავად "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" ინფორმაციით, ავტობუსების შეძენაზე ხელშეკრულება 2016 წლის თებერვალში უნდა გაფორმდეს, მაგრამ ჯერ სასესხო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებიც არ დასრულებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, 2016 წლის განმავლობაში ქალაქს ახალი ავტობუსები არ ეყოლება და ეს ნარმანიასა და "ქართული ოცნების" მორიგი ტყუილია", - განაცხადა აბესაძემ. თბილისის მერია წელს 150 ერთეული ახალი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს. ავტობუსების შეძენა 30 მილიონი ევროს ოდენობის "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" სესხით უნდა მოხდეს.