რა ხრიკებით აიძულებენ სუპერმარკეტები მომხმარებელს, რაც შეიძლება მეტი პროდუქტის შეძენას

ალბათ გსმენიათ გამოთქმა - ”ეშმაკური მარკეტინგული სვლა”.

მაგრამ რას ნიშნავს იგი სუპერმარკეტებთან და სხვა მაღაზიებთან მიმართებაში, სადაც ფაქტობრივად ყოველდღე დავდივართ? სუპერმარკეტებმა და ქსელურმა მაღაზიებმა მართლაც შეისწავლეს მომხმარებლის გონების კონტროლირება. თუ როგორ, ამას ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.

1. წითელი ფერი ფასდაკლებებთან ასოცირება

ხშირად სუპერმარკეტების ვიტრინებზე წითელი დიდი ასოებით არის გამოფენილი ფასდაკლების რეკლამები. ჩვენს ცნობიერებაში წითელი ფერი დიდი ხანია ფასდაკლებებთანაა ასოცირებული. მაგრამ გვმართებს ყურადღება - ფასების ჭრელი აღმნიშვნელი ყოველთვის ხელსაყრელი როდია: ფასი შეიძლება უმნიშვნელოდ იყოს შემცირებული, ან სულაც უცვლელი იყოს. მაგრამ მომხმარებელი მაინც განწყობილია შეიძინოს ასეთი საქონელი აწ უკვე ჩამოყალიბებული ასოციაციების გამო.

2. დიდი ურიკები

სავაჭრო ურიკები 1938 წელს გამოიგონეს. ამასთან, მისი ზომა უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში 2-ჯერ გაიზარდა. თითქმის ყოველთვის ეს ურიკები საშუალოსტატისტიკური ოჯახის ”მომხმარებლის კალათაზე” გაცილებით დიდია. თუ ნახევრად ცარიელ ურიკას ვატარებთ, ქვეცნობიერად გვიჩნება მისი შევსების სურვილი. შედეგად ვყიდულობთ საჭიროზე მეტ პროდუქტს. ამიტომ, თუკი სუპერმარკეტში დიდი მარაგის შესაძენად არ შედიხართ, უმჯობესია აიღოთ კალათი: ამით ეკონომიასაც გასწევთ და საყიდლების ჩანთაც მსუბუქი იქნება.

3. ხილ-ბოსტანი მაღაზიის შესასვლელში

მკვლევარებმა მომხმარებლის ნებისყოფა გამოსცადეს. აღმოჩნდა, რომ საკმარისია, ადამიანს მისცე საშუალება, თავიდან გააკეთოს ის, რაც მისი აზრით ”კარგია”, შემდეგ იგი საკუთარ ჩარჩოებს სცდება. სწორედ ამიტომ სუპერმარკეტების მფლობელები სასარგებლო ხილ-ბოსტანს შემოსასვლელთან აწყობენ: რაც უფრო მეტ თანხას დახარჯავს მომხმარებელი სასარგებლო პროდუქტებზე, მით უფრო მეტ მავნე პროდუქტს შეიძენს იგი, მაგალითად, ლუდსა და ჩიფსებს.

4. რძის პროდუქტები მაღაზიის სიღრმეში

გაყიდვების სპეციალისტები უამრავ ხრიკს იყენებენ, რათა მომხმარებელმა რაც შეიძლება მეტი პროდუქტი შეიძინოს. დაფიქრებულხართ, თუ რატომ არის რძე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი მაღაზიის ბოლოში? საქმე ის არის, რომ ამით სურთ, რძის ძებნის დროს თქვენს თვალსაწიერში რაც შეიძლება მეტი პროდუქტი მოხვდეს.

5. ილუზია იმისა, რომ ხილ-ბოსტნეული ახალია

სუპერმარკეტების უმეტესობაში ხილსა და ბოსტნეულს ლაპლაპი გაუდის. მეტიც, მათ წყლით ნამავენ, იმის მიუხედავად, რომ ეს პროდუქტის ლპობას იწვევს. რატომ? - ადამიანებს უყვართ ყველაფერი ახალი, გონებაში კი ეს დანამულ, ლაპლაპა ზედაპირთან ასოცირდება. გარდა ამისა, სუპერმარკეტებში ხილ-ბოსტნეულის მადისაღმძვრელი ელფერისთვის სპეციალური ნივთიერებები გამოიყენება. სინამდვილეში, ”ახალი” ხილ-ბოსტნეული შესაძლებელია დახლზე გამოტანამდე საწყობში 1 თვე ინახებოდა.

6. მადისაღმძვრელი არომატები

ხშირად საკონდიტრო ნაწარმი სუპერმარკეტების შესასვლელშივე იყიდება. ახლადგამომცხვარი პურ-ფუნთუშეული სანერწყვე ჯირკვლებს ააქტიურებს და პირის ჩატკბარუნების სურვილს გიჩენთ. გარდა ამისა, სუპერმარკეტები დგამენ სადეგუსტაციო დახლებს, რომლებიც მომხმარებელს ამა თუ იმ პროდუქტის გასინჯვას სთავაზობს. ამის შემდეგ ვალდებულად თვლით თავს, შეიძინოთ ეს პროდუქტი.

7. გაცილებით იაფი საქონლის დამალვა თვალთახედვიდან

შეგიმჩნევიათ, რომ ძვირად ღირებული საქონელი დახლის შუა თაროზე, თვალისთვის კარგად შესამჩნევ ადგილზე იმყოფება? ეს იმისთვისაა, რომ თავდაპირველად სწორედ ყველაზე ძვირიანი საქონელი დაინახოთ. ეს არის ფსიქოლოგიური გათვლა, რათა იფიქროთ, რომ საქონელი, რომელიც ქვედა ან ზედა დახლზეა, ნაკლებად ხარისხიანია (როგორც წესი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება).

8. ”წყვილი საქონელი”

ე.წ. თანმხლები საქონელი ძირითადის გვერდზეა განთავსებული: ლუდთან ჩიფსები ან გამხმარი თევზი, ორცხობილასთან - წვენები ან გაზიანი სასმელები, პერანგთან - ჰალსტუხი და ა.შ. ყველაფერი საიმისოდ, რომ იყიდოთ მეტი.

9. თევზი და ხორცი თეთრი კედლების ფონზე.

ხორცი და თევზი ხშირად თეთრი კედლების ფონზე იყიდება. ამ ვიზუალური ხრიკის მეშვეობით პროდუქტი უფრო ახალი ჩანს.

10. იყიდე ერთი, მიიღე საჩუქრად მეორე!

პრომოუტერულ აქციებს ბოლო არ უჩანს: იყიდე ერთი შამპუნი და მიიღე მეორე საჩუქრად! მშვენიერი გარიგებაა! თუმცა, სანამ შამპუნს შეიძენთ, დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ იგი? 2 საქონლის ნაკლებ ფასად შეძენისას თქვენ დიდ მოგებას ვერ ნახავთ, აი სუპერმარკეტების საქონლის ბრუნვა კი იზრდება. ამასთან, ფასდაკლებულ აქციებში ხშირად ჩაწოლილი ან ვადაგასული საქონელი იყიდება.

11. დახლები სალაროსთან ათასი წვრილმანით

ნებისმიერ სალაროსთან შეამჩნევთ საქონელს, რომელიც ”სპონტანური შენაძენის” კატეგორიას მიეკუთვნება. შოკოლადები, იაფფასიანი ჟურნალები, საღეჭი რეზინი, გაზიანი სასმელები... სუპერმარკეტების ბოლო შანსი, გაიძულოთ მეტი თანხის დახარჯვა. როგორც წესი, სალაროსთან იყიდება შოკოლადი, რომელსაც შეიძენთ ჯილდოდ ხანგრძლივი შოპინგის დასასრულს, თან რიგში დგომისას რაიმეთი ხომ უნდა გაერთოთ? ”დიდი” შენაძენების ფონზე ერთი შოკოლადის ყიდვა ხომ წვრილმანია?!

12. ფასდაკლების ბარათები

სალაროსთან კი, რა თქმა უნდა, ფასდაკლების ბარათს გთავაზობენ. მცირე ფასდაკლება დიდი ხნით მიგაჯაჭვებთ სუპერმარკეტს. მუდმივი კლიენტი კი ოქროს საბადოა. შემდეგ მოსვლაზე თქვენ ამ სუპერმარკეტში მეტ თანხას დატოვებთ...

დუდანა ზაქარაია