მოგების გადასახადის ესტონური მოდელის მთავარი საიდუმლო

"ამ მოდელის შემოღებას ბიზნესსექტორიც მიესალმება"

მოგების გადასახადის ესტონური მოდელის შემოღებაზე საქართველოში მსჯელობა შარშან დაიწყეს. ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროში სპეციალური ჯგუფიც მუშაობდა, რამდენიმე დღის წინ კი, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა, სავარაუდოდ, ამ მოდელს დანერგავს. აღნიშნული მოდელის სამშობლო ესტონეთია, თუმცა სახეცვლილი ფორმით ის სხვა სახელმწიფოებშიც გამოიყენება. ესტონეთი ამ მოდელზე 15 წლის წინ გადავიდა და საკმაოდ კარგი შედეგი მიიღო. ეკონომისტების აზრით, ჩვენი ეკონომიკისთვის კარგი იქნებოდა სწორედ ესტონური მოდელის გადმოღება, რადგან ეს ქვეყანა დაახლოებით საქართველოს ზომისაა და ჩვენი მდგომარეობაც ბევრი რამით ჰგავს ერთმანეთს. ესტონური მოდელის სისწორე იმაშიც გამოვლინდა, რომ ეკონომიკური კრიზისების მიმართ ეს პატარა ქვეყანა სხვებზე უფრო მდგრადი აღმოჩნდა. საქმე ის არის, რომ ესტონური მოდელის მოქმედებისას, კომპანიამ წინასწარ იცის, რომ მისი მოგება არ დაიბეგრება, შესაბამისად, ბიზნესს გაფართოების და განვითარების მეტი სტიმული ეძლევა, ეს კი, თავისთავად იწვევს ეკონომიკის განვითარებას, უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას, უმუშევრობის პრობლემის დაძლევას...

გადასახადის გადამხდელთა კავშირის დირექტორი გიგლა მიქაუტაძე ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია ამ მოდელს თავიდანვე ლობირებდა.

გიგლა მიქაუტაძე: „ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს კარგი სტიმული იქნებოდა ეკონომიკისთვის. ამ მოდელის დანერგვით შემცირდება საგადასახადო წნეხი კერძო სექტორზე და გარკვეული თანხა, დაახლოებით 400-500 მილიონ ლარამდე, კერძო სექტორში დარჩება, რაც შიდა ინვესტიციების ერთგვარი წახალისება იქნება. ამიტომ, ესტონური მოდელი პირველ რიგში ეკონომიკის წახალისებისთვის არის აუცილებელი. მეორე -  ის გაამარტივებს საგადასახადო ადმინისტრირებას. განსხვავება დღეს არსებულ მოდელსა და ესტონურ მოდელს შორის ის არის, რომ კომპანია დაიბეგრება მაშინ, როდესაც მისი მოგება კომპანიიდან გავა, თუ ეს მოგება კომპანიაში დარჩება, მაშინ კომპანია ამ თანხაზე მოგების გადასახადს არ გადაიხდის ანუ მთავრობა ეუბნება კომპანიას, რომ თანხა, რომლის აკუმულირება მან მოახერხა, უნდა დარჩეს კომპანიაში, რათა ბიზნესი გაფართოვდეს. ეს ძალიან კარგი შეღავათი იქნება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ყოველწლიურად მოგებაზე გადიან, რადგან მათ რეინვესტირების საშუალება მიეცემათ. დადებითი მომენტია ისიც, რომ კომპანიამ თავისი მოგება ეკონომიკური საქმიანობისთვის უნდა გამოიყენოს - ეს არის ამ მოდელის მთავარი მიზანი“.

ესტონური მოდელის უარყოფით მხარედ გიგლა მიქაუტაძე ასახელებს იმას, რომ პირველ ხანებში ბიუჯეტს გარკვეული რაოდენობის თანხა დააკლდება, მაგრამ თუ მთავრობა "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკას მიმართავს და ბიუჯეტის ხარჯები შეიკვეცება, ეს პრობლემაც მოგვარდება.

„ჩემი აზრით, უნდა დაჩქარდეს ამ მოდელის მიღება, რადგან ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ძალიან დაბალია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილება ნებისმიერი ბიზნესის წარმომადგენელს გაახარებს: ესტონური მოდელი კომპანიებს ახალისებს, რომ მოგებასა და განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობა აწარმოონ იმ იმედით, რომ მათ ეს მოგება არ დაებეგრებათ. რაც შეეხება დივიდენდს, ის უკვე დაბეგვრის რეჟიმში გადადის: თუ ბიზნესი მოგებულ თანხას დივიდენდის სახით გაიტანს, გადაიხდის დივიდენდის გადასახადს - 5%-ს და მოგების გადასახადს - 15%-ს. ესტონურ მოდელში მხოლოდ კომპანიიდან გატანის დროს იბეგრება მოგების გადასახადი და ეს არის მისი ეფექტიანობის საიდუმლო", - აღნიშნავს გიგლა მიქაუტაძე.

"ესტონური მოდელის შემოღებას ბიზნესსექტორიც მიესალმება",  - აცხადებს კომპანია "CPC ჯორჯიას” გენერალური მენეჯერი გიორგი რევაზაშვილი.

„ბიზნესის გადმოსახედიდან ამ პროექტს უფრო მეტი დადებითი მხარე აქვს, ვიდრე უარყოფითი. ჩვენს ქვეყანას ეს პროექტი ნამდვილად სჭირდება, რომ ეკონომიკა უფრო გაძლიერდეს, კრიზისის დროს უფრო გამძლე და მდგრადი იყოს და დღეს არსებული ვითარება სასიკეთოდ შეიცვალოს. ბიზნესს აღარ ექნება ვალდებულება გადაიხადოს მოგების გადასახადი იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს იხდის: ნებისმიერ შემთხვევაში წლის ბოლოს ითვლება მოგება, აუცილებელია მოგების დეკლარაციის წარდგენა კანონით განსაზღვრულ ვადებში და მოგების 20%-ის გადახდა სახელმწიფოსთვის. ახალი მოდელით ბიზნესს უჩნდება მოტივაცია, რომ ეს თანხა ბიზნესის გაფართოებისთვის გამოიყენოს.

ერთადერთი მინუსი, რომელიც ამ მოდელს აქვს, ის არის, რომ თავდაპირველად ბიუჯეტს მოაკლდება 300-400 მილიონი ლარი, თუმცა, ამის საპირწონედ ძალიან ბევრი დადებითი მხარე არსებობს, ამიტომ ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები: რა გვირჩევნია - ხვალინდელი უკეთესი მომავალი, თუ დღევანდელი, სტაბილურად ცუდი მდგომარეობა. ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი, რადგან დღეს სახეზე გვაქვს უკვე არსებული ბიზნესების დახურვა, ან შეკვეცა, თანამშორმლების, ან მათი ხელფასების შემცირება იმ პირობებში, როდესაც ვალუტა გაუფასურებულია. კარგია, რომ მთავრობაშიც შეიმჩნევა მზაობა ახალ მოდელზე გადასვლისა. რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, - მიიჩნევს გიორგი რევაზაშვილი.

საკითხის შეფასება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, პაატა კვიჟინაძესაც ვთხოვეთ.

„მართალია, მე მხარს ვუჭერ ესტონურ მოდელს, მაგრამ აქ რაღაც საკითხებია დასადგენი და გადასაწყვეტი: პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ, რას გულისხმობს რეინვესტირება? - როგორ გამოიყენებს მოგებულ თანხას მეწარმე და საერთოდ, იქნება ეს რეინვესტირება? ბევრი საკითხია, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს, რომ რაღაც ხვრელები არ გაჩნდეს და მეწარმის მოგება მართლა რეინვესტირებაზე წავიდეს და არა სხვა მიმართულებით. ამ საკითხებზე მუშაობს ეკონომიკის სამინისტროც, ფინანსთა სამინისტროც. ახლა მუშა პროცესი მიმდინარეობს და წესითა და რიგით, ყველაფერი უნდა დალაგდეს“, - გვითხრა პაატა კვიჟინაძემ.

პარლამენტარის თქმით, ესტონეთში ეს მოდელი რომ შემოიღეს, იქ მთელი საგადასახადო სისტემა შეიცვალა, ჩვენთან კი, უფრო განსხვავებული სიტუაციაა:

პაატა კვიჟინაძე: „ისიც გადასაწყვეტია, ამ მოდელის შემოღებით ბიუჯეტი თანხას რომ დაკარგავს, ეს თანხა როგორ მოვიძიოთ. თუ ეს თანხა ვერ მოიძებნა სავალუტო ფონდიდან, ან სხვა ორგანიზაციიდან, თავდაპირველად შეიძლება რაღაც გადასახადი, თუნდაც დღგ, გაიზარდოს. პირველი ორი წლის განმავლობაში გაგვიჭირდება, თორემ მერე ეს დანაკლისი თავისთავად ანაზღაურდება სხვა გადასახადების სახით. ამიტომ, ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს გათვლილი, რომ ეს კარგი მოდელი ჩვენმა ქვეყანამ სასიკეთოდ გამოიყენოს“.

ხათუნა ჩიგოგიძე