საქართველოს ყველაზე ძვირად ღირებული სკოლები

განათლება რომ ძვირი ჯდება, მით უმეტეს - კარგი განათლება, ეს ახალი ამბავი არაა. მშობლებიც, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ცდილობენ, შვილს არ მოაკლონ არაფერი და კარგი პირობები შეუქმნან პერსპექტიული და აწყობილი მომავლისთვის. შვილის მომავალში თანხის დაბანდება არავის ენანება, მთავარია, ეს თანხები გქონდეს... საქართველოში ბევრია კერძო სკოლა, სხვადასხვა პროფილის, სხვადასხვა კატეგორიის, ფასის და ა.შ. ჩვენ მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებულ სკოლებს შემოგთავაზებთ, მათი ფასებით, განსხვავებებით სხვა სკოლებისგან და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ ამ სკოლების უმრავლესობაში აქცენტებია უცხო ენაზე, უცხოეთში განათლების მისაღებად მომზადებაზე, უმრავლესობის სწავლის საფასურში შედის ტრანსპორტის ხარჯები და რამდენიმე წრე და ბევრ მათგანს აქვს საზაფხულო სკოლები და ბანაკები, საკუთარი ბაღები და გამართული ინფრასტრუქტურა. წარმოდგენილი ფასები მიახლოებითია, რადგან სკოლების უმრავლესობაში სხვადასხვა კლასისა და სექტორის გადასახადი სხვადასხვანაირია.

თქვენ წინაშე საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული და პოპულარული სკოლების ათეულია.

1. QSi - საერთაშორისო სკოლა

სწავლის წლიური გადასახადი: 41 ათასი ლარი

სკოლა თბილისის დიპლომატიურ სოფელში მდებარეობს, ზურგოვანის დასახლებაში. საერთაშორისო სკოლის გარდა, იქ საერთაშორისო ბაღიც არის. ამ დასახლებაში, ძირითადად, უცხოელი დიპლომატები ცხოვრობენ და სკოლაშიც უმრავლესობა მათი შვილები სწავლობენ.

2. გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია

სწავლის წლიური გადასახადი: 19 ათასი ლარი

აკადემიაში სწავლება მე-9 კლასიდან იწყება. ამ თანხაში შედის მოსწავლეების ტრანსპორტირება, კვება - არა. აკადემია ლისის ტბაზე მდებარეობს. მოსწავლეთა საერთო რაოდენობა IX-XII კლასებში 265-ს შეადგენს. ყველა საგანი, გარდა ქართული და რუსული ენებისა, ინგლისურად ისწავლება.

3. ბრიტანულ-ქართული აკადემია

სწავლის წლიური გადასახადი - ბრიტანული სექტორი - 15 ათას ლარამდე, ქართული სექტორი - 9 ათას ლარამდე

აკადემია, როგორც სკოლამდელი განათლების ცენტრს, ასევე დაწყებით, საბაზო და საშუალო სკოლებს სთავაზობს მშობლებს. გადასახადში შედის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის კვება, ტრანსპორტირება ყველა მოსწავლისთვის, ხოლო საშუალო და მაღალი კლასის მოსწავლეები სპეციალური საშეღავათო ბარათებით სარგებლობენ კაფეტერიაში. ასევე, გახანგრძლივებული პროგრამები და ყველა სახის კულტურული თუ სპორტული აქტივობა. სკოლა ლისის ტბის ტერიტორიაზე მდებარეობს.

4. ევროპული სკოლა

სწავლის წლიური გადასახადი: ქართული სექტორი - 8 000 ლარი, ინგლისური სექტორი - 15 000 ლარი

ამ გადასახადში (რომელიც მიახლოებითია, რადგან სხვადასხვა კლასში გადასახადი სხვადასხვაგვარია) შედის ორჯერადი კვება, ტრანსპორტირება და სხვადასხვა მხატვრული წრე.

საერთაშორისო სექტორზე გადასახადი კლასების მიხედვით განსხვავდება: პირველიდან მე-5 კლასის ჩათვლით სწავლის ღირებულება 5 000 ევროს, მე-6 დან მე-10 კლასის ჩათვლით - 6000 ევროს, ხოლო მე-11, მე-12 კლასებში - 7000 ევროს შეადგენს. ამერიკულ სექტორში მოსწავლეების მიღება მე-8 კლასიდან ხდება და გადასახადი 6 000 ევროა. ქართულ სექტორზე მოსწავლეები პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მიიღებიან.

5. კავკასიის ფრანგული სკოლა

სწავლის წლიური გადასახადი: 12 ათასი ლარი

სასწავლებელი ჭავჭავაძეზე მდებარეობს. სკოლაში არის საბავშვო ბაღი, დაწყებითი სკოლა და კოლეჯი. აღიარებულია საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ. სწავლების ენა ფრანგულია.

განაგრძეთ კითხვა