საქართველოს ეკონომიკა გამოცდას უძლებს და გამოწვევებს გაჯანსაღებულ საინვესტიციო გარემოს უპირისპირებს

მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე არასახარბიელო პროცესების ფონზე საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივებსა და საინვესტიციო გარემოს აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის მოადგილე ნათია თურნავას ესაუბრა.

- ქალბატონო ნათია, გასულ წელს ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად ლარის კურსი იქცა - მოგეხსენებათ, ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა, კურსის ვარდნა კი ხან ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ხანაც გარე ფაქტორებს დაბრალდა. ექსპერტთა ნაწილი ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე არცთუ სახარბიელო პროცესების გამო შესაძლოა საქართველოში ინვისტიციების მოცულობა შემცირებულიყო, რაც, პრინციპში, ასეც მოხდა. მთავრობას არაერთხელ განუცხადებია, რომ ინვესტიციების მოზიდვა და საინვესტიციო გარემოზე ზრუნვა მისი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. თქვენი აზრით, "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ქვეყანაში საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?

- კითხვაზე პასუხს მშრალი სტატისტიკით დავიწყებ. საქართველო ის მცირეთაგანი ქვეყანაა რეგიონში, ვინც საყოველთაო ეკონომიკური რეცესიის ფონზე 2015 წლის განმავლობაში მშპ-ს ზრდის პოზიტიური დინამიკა არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ გააუმჯობესა კიდეც - 2015 წლის დასაწყისში ნავარაუდევი 2%-იანი ზრდა წლის ბოლოს 2.5%-მდე ავიდა. შედარებისთვის, რუსეთმა დაასრულა 2015 წელი 3.8%-იანი ვარდნით, აზერბაიჯანმა - მხოლოდ 1.1%-იანი, ხოლო ყაზახეთმა - 1.2%-იანი ზრდით. მართალია, ზრდის ტემპით მეზობელი ქვეყნებიდან თურქეთმა გაგვასწრო (4.2%), თუმცა, მსოფლიო ბანკის ექსპერტთა პროგნოზით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო 2016-2017 წლებში თურქეთს ზრდის ტემპით დაეწევა. მათივე ვარაუდით, ჩვენი ქვეყანა რეგიონში სხვებზე ადრე დაძლევს რეცესიას და 2018 წელს მშპ-ს ზრდის 5%-ს მიაღწევს, რაც მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საუკეთესო მაჩვენებელი იქნება.

თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას განვლილ სამწლიან პერიოდში (2013-2015წწ) განვიხილავთ, მათი საშუალო წლიური მაჩვენებელი 30%-ით მეტია წინა სამწლეულის (2010-2012წწ) ანალოგიურ მაჩვენებელზე. ხოლო 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი (1.7 მლრდ აშშ დოლარი) საერთოდ რეკორდულია ბოლო 5 წლის განმავლობაში.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გაუმჯობესება მიმდინარეობს ძალიან რთულ ფონზე - საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაიაფებამ და ამერიკული დოლარის პრაქტიკულად ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებაში გამყარებამ მსოფლიოზე და კერძოდ, ჩვენს რეგიონზე კრიტიკული ზეგავლენა იქონია. ცხადია, რომ არა გარე ფაქტორთა ზემოქმედება, საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მკვეთრად აღმავალი იქნებოდა: 2014 წლის პირველი ნახევარი 6%-იანი ზრდით დასრულდა, ხოლო მსოფლიო ბანკის იმდროინდელი პროგნოზით საშუალო წლიური ზრდა მომდევნო რამდენიმე წელიწადში 5.5%-ზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.

სწორედ ამ შედეგების წყალობით, მიუხედავად საერთო არახელსაყრელი კონტექსტისა, საქართველოს ეკონომიკა საკმარისად მდგრადი და მომზადებული აღმოჩნდა გარე შოკებთან გასამკვლავებლად, ხოლო საინვესტიციო გარემომ მიმზიდველობა შეინარჩუნა. ვფიქრობ, რომ საინვესტიციო გარემოს ხარისხი ფასდება სწორედ ასეთი გამოწვევების დროს. დღეს ცხადია, რომ მთლიანობაში საქართველოს ეკონომიკა ამ გამოცდას უძლებს და გამოწვევებს გაჯანსაღებულ საინვესტიციო გარემოს უპირისპირებს. სწორედ ასეთი შეფასება გააკეთა სავალუტო ფონდის ბოლო მისიამაც, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ეს ორგანიზაცია ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და უკომპრომისო დამკვირვებელია.

- თქვენ ბრძანებთ, რომ საინვესტიციო გარემო ქვეყანაში გაუმჯობესდა. ეს კონკრეტულად რაში გამოიხატება?

- პირველ რიგში აღვნიშნავ იმ პოზიტიურ სიგნალებს, რაც პოტენციურმა ინვესტორებმა საქართველოს მზარდი ევროინტეგრაციის შედეგად მიიღეს. 2014 წელს მოხდა უდიდესი ისტორიული მოვლენა - საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, ხოლო მოგვიანებით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. მე არ შევჩერდები ამ ფაქტის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე. ეკონომიკური თვალსაზრისით კი ეს ნიშნავს საქონლის და მომსახურების თავისუფალ მიმოქცევას ნახევარი მილიარდი მომხმარებლით წარმოდგენილ ევროპულ ბაზართან, სადაც მშპ ერთ სულზე 25 ათას ევროს აღემატება. უფრო მეტიც - ეს ნიშნავს ევროპელი ინვესტორისთვის თამაშის მისთვის გასაგები და ნაცნობი წესების დამკვიდრებას პროდუქციის ხარისხის, უსაფრთხოების, საავტორო უფლებების დაცვის და სხვა მრავალ სფეროში. დანარჩენი მსოფლიოსთვის ეს ნიშნავს საქართველოს აღიარებას რეალურ ბიზნეს ჰაბად, როდესაც გაცილებით დაბალი დანახარჯებით მაგრამ ევროპული სტანდარტით შეგიძლია აწარმოო საქონელი საქართველოში და თავისუფლად გაყიდო ევროპაში. აღნიშნული პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა კერძო სექტორის მიზნობრივი და აქტიური მხარდაჭერის მექანიზმები, რომელიც ხელისუფლებამ აამოქმედა. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნებშიც კი ასეთი "მაკორექტირებელი" ზომების გარეშე მთელი რიგი დარგი ვერ ინარჩუნებს კონკურენტუნარიანობას. მით უფრო ეს მართებულია საქართველოს ეკონომიკისთვის, სადაც განვითარებული ბაზრის ბევრი ელემენტი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. გამოვყოფ სოფლის მეურნეობაში ინვესტორების მხარდამჭერ პროგრამებს, პროგრამას "აწარმოე საქართველოში", რა თქმა უნდა, საპარტნიორო ფონდის საქმიანობას, რომელსაც მე წარმოვადგენ.

ამავე კატეგორიას მივაკუთვნებდი ახლახან მიღებულ კანონს "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ". ასეთი მიზნობრივი წახალისების მექანიზმების წყალობით ხდება მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში, ინოვაციურ პროექტებში, ასევე ბიზნესისთვის ნაკლებად მიმზიდველ რეგიონებში საინვესტიციო რისკების შემცირება ინვესტორების და კრედიტორების თვალში. თუმცა, მთავარი გამოწვევა ამ დროს არის - შეინარჩუნო პროექტების და დარგების შერჩევის მკაფიო კრიტერიუმები და ასევე, არ შეხვიდე პირდაპირ კონკურენციაში კერძო სექტორთან. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ის რასაც კერძო ინვესტორი, კერძო ბანკიც დააფინანსებს, არ უნდა დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ.

მესამე მნიშვნელოვანი მიღწევა, რასაც მე გამოვყოფდი, არის საქართველოს გავლით აბრეშუმის გზის დერეფნის არა უბრალოდ დეკლარატიული, არამედ რეალური ამოქმედება - ვგულისხმობ ტრანსრეგიონალური სატრანსპორტო ნაკადების გააქტიურებას. 2015 წელს ამოქმედდა ტრანსკასპიური სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ჩინეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთს, ხოლო მომავალში ევროპულ ქვეყნებს გააერთიანებს. წლის მიწურულს საქართველო გადაკვეთა პირველმა სატვირთო მატარებელმა, რომელიც სამხრეთ კორეიდან და ჩინეთიდან თურქეთის მიმართულებით რეგულარულ გადაზიდვებს განახორციელებს. სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ უკრაინა, ყაზახეთი, საქართველო და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ სატრანსპორტო ტარიფების დაწევის თაობაზე ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის ფარგლებში, რაც რუსეთზე გამავალი მარშრუტის რეალურ კონკურენტულ ალტერნატივას ქმნის. ყველაფერი ეს ერთიანი პროცესის ცალკეული ელემენტებია, რაც სატრანზიტო ქვეყნად ყოფნის უპირატესობას სულ მალე დაგვანახებს.

- გასულ წელს არაერთი ციფრი სახელდებოდა ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების თაობაზე. ვინაიდან წელი დასრულებულია, ინვესტივიების მოზიდვის თვალსაზრისით საბოლოოდ მაინც რა მაჩვენებელი დაფიქსირდა? წინა წლებთან შედარებით როგორია ინვესტიციების შემოდინების დინამიკა?

- როგორც უკვე ვთქვი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით რეკორდული აღმოჩნდა 2014 წელი, როდესაც წლიურმა მაჩვენებელმა 1 მილიარდ 758 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2007 წლის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია. მათ შორის, განსაკუთრებით მსხვილი ინვესტიციები შემოვიდა ჩინეთიდან და აზერბაიჯანიდან. რთულია ამ მაჩვენებელს ასე სწრაფად გადააჭარბო. თუმცა, თუ ჯერ კიდევ დაუზუსტებელი მონაცემებით ვისმჯელებთ, 2015 წელი სულ მცირე 2012-ზე და 2013-ზე უკეთესი იქნება.

საერთოდ, ვფიქრობ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა უფრო ობიექტურ სურათს მოგვცემს, თუკი განვიხილავთ არა ერთი წლის, არამედ 2-3 წლიანი პერიოდის ჭრილში. თითოეული ინვესტიცია არის რთული და ხშირად ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგი, რომელიც არაერთი თვე გრძელდება. აქედან გამომდინარე, თუ რომელი წლის რომელ კვარტალში აისახება ესა თუ ის ტრანზაქცია ქვეყნის საგადამხდელო ბალანსში, ხშირად შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელებულ ნენსკრა ჰესის პროექტში სამხრეთ კორეის წყლის რესურსების კომპანიის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიცია იდება. ურთულესი მოლაპარაკება 2014-2015 წლებში წარიმართა და 2015 წლის ზაფხულში დადებითი გადაწყვეტილებით დაგვირგვინდა. თუმცა ფიზიკურად ინვესტიციის მნიშვნელოვანი ნაწილი 2016-2017 წლებში დაიხარჯება. ასევე წინა წელს მიმდინარეობდა ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის შერჩევის შრომატევადი პროცესი, თუმცა, პირველი ინვესტიციები სავარაუდოდ 2016 წლიდან განხორციელდება. არადა, მხოლოდ ეს ორი პროექტი ჯამში გასული ათწლეულის ყველაზე მსხვილი ინვესტიცია იქნება.

ანუ, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული პროექტები შემდგომი წლების სტატისტიკაში აისახება, მათი განხორციელება შესაძლებელი გახდა 2014-2015 წელს არსებული საინვესტიციო გარემოს წყალობით და ამ თვალსაზრისით არა მხოლოდ ქვეყანაში შემოსული თანხები, არამედ ამ პერიოდში დადებული მსხვილი გარიგებები და დაწყებული პროექტები უნდა შეფასდეს, ასეთები კი 2015 წელს მრავლად იყო - თუ მხოლოდ საპარტნიორო ფონდის აქტივობით ვიმსჯელებთ, ნენსკრა ჰესის შესახებ შეთანხმების გარდა დასრულდა ებრაელ ინვესტორთან, კომპანია Elbit Cyclon-თან მოლაპარაკება და დაიწყო საქართველოში პირველად მაღალტექნოლოგიური მასალისგან დამზადებული თვითმფრინავების ნაწილების მშენებლობა, რომლის პროდუქციასაც Boyeing, Airbus, Bombardier და ამ დარგის სხვა ცნობილი კომპანიები მოიხმარენ. ექსპლუატაციაში შევიდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გარდაბანში. შედგა ინვესტორთან შეთანხმება და დაიწყო რამდენიმე აგრარული საწარმოს განვითარება, მათ შორის, ჰიდროპონიკაზე დაფუძნებული სათბური იმერეთში, ლურჯი მოცვის მოყვანა და შენახვა-გადამუშავება გურიაში, მეღორეობის კომპლექსი ქვემო ქართლში. ასევე, ამოქმედდა ხუთვარსკლავიანი "რიქსოს"-ის სასტუმრო ლიკანში და დაიწყო "ბესტ ვესტერნ"-ის სასტუმროს მშენებლობა ქუთაისში. ამოქმედდა სამშენებლო სენდვიჩ პანელების საწარმო რუსთავის გზატკეცილზე და დაიწყო სავაჭრო ცენტრის მშენებლობა ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში. კიდევ 30-მდე პროექტი ფონდში განხილვის სტადიაზე იმყოფება... ჩამოთვლილი პროექტებიდან დიდი ნაწილი 2016 და შემდგომ წლებში დაფინანსდება. შესაბამისად, 2016 წელი კონკრეტული ინვესტიციების თვალსაზრისითაც და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივის თვალსაზრისითაც 2015-ზე უკეთესი იქნება. მსოფლიო ბანკის ბოლოდროინდელი პროგნოზით, საქართველოს მშპ 2016 წელს სულ მცირე 3 %-ით, 2017 წელს 4.5%-ით და 2018 წელს 5%-ით გაიზრდება. თუმცა, როგორც ეს გასულ წელს მოხდა, არ არის გამორიცხული, რომ რეალური შედეგი პროგნოზზე უკეთესი დადგეს.

- თუ გაქვთ ინფორმაცია 2016 წელს ქვეყანაში შემოსული ინვესტიციები სავარაუდოდ რომელ სფეროებში უფროა მოსალოდნელი და დღეის მონაცემებით, ინვესტიციების რა რაოდენობაზე შეიძლება იყოს საუბარი და რომელი ქვეყნებიდან?

- თუ მიმდინარე და პერსპექტიული პროექტებით ვიმსჯელებთ, 2016-2017 წლებში მნიშვნელოვანი კერძო ინვესტიციები მოსალოდნელია ენერგეტიკის სფეროში, სადაც უკვე განხორციელდა 10-მდე პროექტი, ხოლო 104 პროექტი განხორციელების სტადიაშია. ასევე გაგრძელდება ინვესტირება დეველოპმენტსა და მშენებლობაში, სადაც თვითღირებულება ამჟამად ძალიან დაბალი, შესაბამისად კი საინვესტიციო მიმზიდველობა მაღალია. ვინაიდან ტურისტული ნაკადები კვლავაც იზრდება, მოსალოდნელია პროგრესი სასტუმროების და მომიჯნავე ინფრასრტუქტურის ბიზნესში. ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების დაწყება, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეცვლის ინვესტიციების სტრუქტურას სატრანსპორტო დარგის სასარგებლოდ. ასევე მოსალოდნელია მზარდი ინვესტიციები სამედიცინო სექტორშიც.

2016-2017 წლებში კერძო ინვესტიციებს ხელს შეუწყობს საერთაშორისო საფინანსო ბაზრების მზარდი ხელმისაწვდომობა: თუ პირობითად ათი წლის წინ მხოლოდ ერთი ქართული კერძო კომპანია იყო გასული ლონდონის საფონდო ბირჟაზე ("საქართველოს ბანკი"), 2014-2015 წლებში მის რიცხვს ერთბაშად ორი კომპანია შეემატა ("თიბისი ბანკი" და "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი"). ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე სხვა კერძო ჯგუფიც ემზადება საერთაშორისო ბირჟებზე აქციების განსათავსებლად ანდა ბონდების გამოსაშვებად.

პარალელურად, ჩვენს რეგიონში ტრადიციულად აქტიურ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (EBRD, EIB, ADB, IFC) ახალი მულტილატერალური საფინანსო ინსტიტუტები და ექსპორტის ხელშემწყობი ბანკები შეემატა. მაგალითად, აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი AIIB, ჩინეთის განვითარების ბანკი, კორეის განვითარების სააგენტო, იტალიური SACE, აღმოსავლეთ ევროპის ექსიმ ბანკები და სხვ. ამდენად, კარგად სტრუქტურირებული და კომერციულად მდგრადი პროექტების შეთავაზების შემთხვევაში ინვესტორებს შედარებით იაფ საფინანსო რესურსზე ექნებათ წვდომა.

რაც შეეხება სახელმწიფო ინვესტიციებს, ისინი კვლავაც საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაში, ასევე სოციალური პროფილის ობიექტებში ჩაიდება. ანუ, ისეთ პროექტებში რომელთა კომერციალიზაციაც რთული ან შეუძლებელია. უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ეგიდით მიმდინარეობს ე.წ. Public-Private Partnership, ანუ საჯარო-კერძო პარტნიორობის პრინციპით განსახორციელებელი პროექტებისთვის საკანონმდებლო ბაზის შემუშავება. შედეგად ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ტრადიციულად სახელმწიფოს სახსრებით ხორციელდებოდა, დასტრუქტურირდება იმდაგვარად, რომ კერძო ინვესტორისთვისაც საინტერესო გახდეს. ასეთი მოდელის დანერგვა სტიმულს მისცემს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის რისკების გადანაწილებას და კერძო ინვესტიციების წილის ზრდას სახელმწიფო ინვესტიციებთან შედარებით.

რაც შეეხება ინვესტორთა სავარაუდო გეოგრაფიას 2016 წელს, ვფიქრობ, ლოგიკურია ველოდოთ აბრეშუმის გზის ქვეყნების შემდგომ გააქტიურებას. განსაკუთრებით ჩინეთი, რომელიც ინვესტიციების თვალსაზრისით 2014 წლის ჩემპიონი იყო, ეცდება გაზარდოს თავისი პორტფელი რეგიონში. თურქეთი (მათ შორის რუსეთთან გართულებული სავაჭრო ურთიერთობების გამო) სავარაუდოდ შეეცდება მონახოს პროდუქციის ალტერნატიული გასაღების არხები საქართველოში ბიზნესების გადმოტანის გზით. მოლოდინი მაქვს, რომ უახლოეს 2-3 წელიწადში ასევე გააქტიურდებიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის, როგორც სტრატეგიული ინვესტორების, თავიანთი ექსპორტის ხელშემწყობი ბანკების მხარდაჭერით, ისე სხვადასხვა საინვესტიციო ფონდების მეშვეობით.

- წინა ხელისუფლება ახლანდელს იმაში ადანაშაულებს, რომ ენერგეტიკულ სფეროში ძირითადად რუსული ინვესტიციები იდება. ეს მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, წინა წლებში პერსპექტივის თვალსაზრისით არა ერთი საკმაოდ საინტერესო ენერგეტიკული ობიექტი იქნა რუსებზე გასხვისებული. თქვენი ინფორმაციით, რეალურად რა ხდება? ენერგეტიკულ სფეროში ინვესტიციებს ვინ დებს?

- ძირითადი რუსული ინვესტიციები ენერგეტიკაში სწორედ წინა წლებში ჩაიდო. ბოლოდროინდელი უცხოური ინვესტიციები კი გეოგრაფიულად ძალიან დივერსიფიცირებულია. მაგალითად, ენერგოგენერაციაში - თურქეთი, ნორვეგია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, ჩეხეთი, ესტონეთი... კერძო ინვესტორებთან ერთად აქტიურობენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ვინც არა მხოლოდ სესხს, არამედ კაპიტალსაც სთავაზობს განახლებადი ენერგიის პროექტებს.

თუმცა, მე პირადად არასწორად მიმაჩნია ენერგეტიკის პოლიტიზირება, რადგანაც იგი ბიზნესის თითქმის ერთადერთი სფეროა, რომელიც საქართველოში სტაბილურად მუშაობს გეოპოლიტიკური კონიუნქტურისდა მიუხედავად. ამის მიზეზი კი საქართველოს ენერგოსისტემის რეგიონალური ინტეგრირების მაღალი ხარისხია. მაგალითად ელექტროენერგეტიკა ისეთი დარგია, რომელიც წმინდა ტექნიკური მიზეზებიდან გამომდინარე ავტონომიურ რეჟიმში, ანუ მხოლოდ ერთი ქვეყნის საზღვრებში ჩაკეტილი პრაქტიკულად ვერ ვითარდება. საქართველო დაკავშირებულია მაღალი ძაბვის ქსელით ყველა თავის მეზობელთან და ეს ურთიერთსარგებლიანი კავშირებია, რომლის მოშლაც ორივე მხარეს და მთელს რეგიონს დააზარალებს. ამდენად, მათ ყველა მონაწილე და მათ შორის რუსეთიც უფრთხილდება.

ჩემი აზრით, ამ დარგში ინვესტორის წარმომავლობას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, თუკი სრულდება სულ მცირე ორი პირობა: პირველი, საქართველოს ბაზარზე შემოსული ინვესტორი ემორჩილება ჩვენს კანონმდებლობას და თამაშის წესებს და მეორე, თუკი მას არ გააჩნია უკონტროლო მონოპოლიური უფლებები. ჩვენი ენერგოგენერაციის ბაზარი ამ თვალსაზრისით საკმაოდ კონკურენტულია.

ასევე ცალსახად დადებითი მოვლენაა ის მოლაპარაკებები ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე, რასაც დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდი აწარმოებს. რა კონკრეტული კომერციული შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი, მთლიანობაში ქვეყანა უფრო კონკურენტულ გარემოში აღმოჩნდება გაზის იმპორტის თვალსაზრისით, რადგან გაჩნდა კონკურენციის განცდა გაზის მომწოდებლებს შორის და ერთი მოთამაშის მაგივრად სულ მცირე ორი, ხოლო პოტენციურად კიდევ მეტი მომწოდებელია დაინტერესებული საქართველოსთან შეთანხმების მიღწევით და რაც მთავარია, თითოეულმა მათგანმა იცის რომ ვეღარ გვიკარნახებს გაზის მიწოდების პირობებს, რადგან სხვა ალტერნატივებიც გაგვაჩნია.

- თქვენ ძირითადად პოზიტივზე საუბრობთ, თუმცა პრობლემაც ბევრია. თუ შეგიძლიათ ჩამოთვალოთ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულე ეკონომიკის სფეროში, რომელიც მთავრობის წინაშე დგას?

- რაც შეეხება უახლოესი პერიოდის გამოწვევებს, რისი გადალახვაც მოგვიწევს, მაკროეკონომიკის სფეროში გამოვყოფდი შემდეგს: პირველი და მნიშვნელოვანი 2016 წელს იქნება გარე შოკების გამანეიტრალებელი პოლიტიკის გაგრძელება.

მართალია, საერთაშორისო ანალიტიკოსთა პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური განვითარება დაჩქარდება, თუმცა, რეგიონში ვითარება კვლავაც რთული იქნება და რეცესიის გამომწვევი ფაქტორები - ნავთობის ფასების არამდგრადობა და ეროვნული ვალუტების შესუსტება აშშ დოლარის მიმართ, ისევ ძალაში დარჩება. შესაბამისად, ერთის მხრივ უნდა გაგრძელდეს დაბალანსებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ხოლო მეორე მხრივ, მოხერხდეს ეკონომიკური ზრდის სტიმულირება და ამ უკანასკნელ ამოცანას დაექვემდებაროს ეკონომიკური პოლიტიკის ყველა გადაწყვეტილება.

ამ თვალსაზრისით ძალიან პოზიტიურია პრემიერ-მინისტრის მიერ ახლახან გაჟღერებული ინიციატივა რეინვესტირებული მოგების გადასახადისგან განთავისუფლების თაობაზე. ეს მყისიერად გამოათავისუფლებს რესურსს მოქმედ საწარმოებში ინვესტირებისთვის, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში წაახალისებს ახალი კომპანიების გახსნას. საკმარისია ითქვას, რომ ესტონეთში, რომელმაც ანალოგიური რეფორმა განახორციელა 2000 წელს, შემდგომი 4 წლის განმავლობაში მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი გაორმაგდა, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გასამმაგდა.

ბოლო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება ჯანდაცვის პროგრამების და სხვა სოციალური ამოცანების მოცულობითი დაფინანსება. იმისთვის რომ ბიუჯეტმა გაუძლოს სოციალური ხარჯების ზეწოლას, აუცილებელია მისი საშემოსავლო ბაზის გაფართოება ანუ ისევ და ისევ ეკონომიკური ზრდის დაჩქარება. ეს იქნება უახლოესი 2-3 წლის გამოწვევა, ვიდრე ეკონომიკური ზრდა ადრე ნავარაუდევ საშუალო წლიურ 5.5%-ს არ მიაღწევს.

მშპ-ს ზრდის ერთ-ერთი მასტიმულირებელ ფატორად უნდა დარჩეს სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამები, როგორებიცაა საგზაო მშენებლობა, რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ. ამ მიმართულებით დიდი ასიგნებებია გამოყოფილი, მაგრამ განხორციელების ტემპი ნამდვილად დასაჩქარებელია.

- საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძემ, როცა ამ თანამდებობაზე დაინიშნა, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ შეთავაზებას იმ პირობით დათანხმდა, რომ საპარტნიორო ფონდი, საქართველოს განვითარების ბანკად გადაკეთდებოდა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებული კანონპროექტი მომზადების ეტაპზეა. სავარაუდოდ, როდის მოხდება ფონდის ბანკად გარდაქმნა და საერთოდ, დგას თუ არა ეს საკითხი ისევ დღის წესრიგში?

- შეგისწორებთ, ვმუშაობთ საპარტნიორო ფონდის ბაზაზე "საქართველოს განვითარების კორპორაციის" შექმნაზე და არა ბანკის. ამჟამად კანონპროექტების პაკეტი დასრულების სტადიაშია და თებერვლის თვეში წარედგინება მთავრობას და შემდგომ საქართველოს პარლამენტს განსახილველად.

კანონპროექტები ჩვენთან ერთად მოამზადეს გერმანიის განვითარების ბანკის ექსპერტებმა ამ ორგანიზაციის გამოცდილების საფუძველზე. ვფიქრობ, ეს საკმაოდ ვრცელი და ცალკე საუბრის თემაა. ძალიან მოკლედ თუ დავახასიათებ მოსალოდნელი ცვლილებების მთავარ შინაარსს - პირველი, უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდება ჩვენი ორგანიზაციის ამოცანები და ფუნქციები. კერძოდ, წინა პლანზე წამოიწევს ეროვნული ეკონომიკის ცალკეული დარგის თუ სეგმენტის კვლევები, რის საფუძველზეც მოხდება არსებული პრობლემების, ე.წ. ბაზრის ჩავარდნების, იდენტიფიკაცია, რასაც ვერ ერევა მარტოოდენ კერძო ინვესტორი ან ბანკი.

ამ სურათით ვიხელმძღვანელებთ სამოქმედო პრიორიტეტების დასახვის დროს და ნებისმიერი პროექტის დაფინანსებისას. ასევე, ძალიან მკაფიოდ დავიცავთ ე.წ. სუბსიდიარობის (subsidiarity) პრინციპს. ანუ, კორპორაცია არ უნდა იყოს კერძო სექტორის, ბანკების, ინვესტორების კონკურენტი, არამედ შეასრულოს მათ შორის გადებული ერთგვარი ხიდის, შემავსებლის როლი.

ცვლილებების მეორე მნიშვნელოვანი შედეგი და მიმართულებაა - კორპორაციის საქმიანობის უფრო სტაბილური დაფინანსების მექანიზმების დანერგვა და ასევე საერთაშორისო საფინანსო ბაზრებიდან რესურსების მოზიდვის უკეთესი შესაძლებლობა. ეს ძალიან მოკლედ. თუმცა, მზად ვარ დეტალურად ვიმსჯელო მომავალი კორპორაციის ადგილსა და როლზე ქართულ ეკონომიკაში მას შემდეგ, რაც კანონპროექტები შეჯერდება მთავრობის შიგნით და ფართო მსჯელობის საგნად იქცევა.

კობა ბენდელინი

"ინტერპრესნიუსი"