აზერბაიჯანი სავალუტო ოპერაციებზე შეზღუდვებს აწესებს

აზერბაიჯანის ხელისუფლება საკანონმდებლო ცვლილების მიღებას გეგმავს, რომლის თანახმად უცხოეთში გადარიცხულ თანხაზე სავალდებულო მოსაკრებელი დაწესდება.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თუ უცხოეთში გადასარიცხი თანხის  ოდენობა 50 ათას აშშ დოლარს აღემატება, მოქალაქეს მოსაკრებლის გადახდა მოუწევს, რომელიც თანხის 20%-ის ოდენობა იქნება.

აზერბაიჯანის პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივის მიღებაზე დღეს იმსჯელებს.

საკომისიო არ დაწესდება იმ თანხაზე, რომელიც საზღვარგარეთ სამკურნალო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, ასევე სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად გადაირიცხება.

20%-იანი მოსაკრებელი  ასევე დაწესდება თანხებზე, რომელსაც მოქალაქე საზღვარგარეთ პირდაპირი ინვესტიციებისთვის, ასევე ფასეული ქაღალდების, უძრავი ქონებისა და მიწის ნაკვეთების შესაძენად გაიტანს.