ავსტრია სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს

ავსტრიამ სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება და საზღვრებზე დოკუმენტების შემოწმება გადაწყვიტა. როგორც "ევრონიუსი" იტყობინება, შესაბამისი გადაწყვეტილება ოფიციალურმა ვენამ მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად მიიღო. როგორც რამდენიმე დღის წინ, ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა ვერნერ ფაიმანმა განაცხადა, ამ გზით ავსტრია შენგენის შეთანხმებაში ქვეყნის მონაწილეობას დროებით აჩერებს.

გასულ შაბათს ავსტრიის ხელისუფლებამ ოფიციალურად აცნობა ევროკავშირს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე შენგენის შეთანხმების მოქმედებას აჩერებს. ვენამ შესაბამისი ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც გაირკვა, რომ უამრავმა მიგანტმა ქვეყანაში ჩასვლისას, სარეგისტრაციო სამსახურებს საკუთარი ვინაობის შესახებ ყალბი ინფორმაცია მიაწოდა. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის მოსაზრებით, მიგრანტების შეჩერება ევროკავშირის გარე საზღვრებზე უნდა ხდებოდეს.