ეკონომიკის სამინისტროში კაპიტალური ბაზრის კონცეფცია განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კაპიტალური ბაზრის კონცეფცია განიხილეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, კაპიტალური ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი, ასევე ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს საფონდო ბირჟის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კაპიტალური ბაზრის კონცეფცია. საფონდო ბირჟის მენეჯმენტმა მოისმინა მთავრობის სამოქმედო გეგმა, რაც მოიცავს სააქციო ფასიანი ქაღალდების, კორპორატიული ობლიგაციების, დერივატივებისა და სხვა ინსტრუმენტების დანერგვას.

უწყების ცნობით, ბირჟის წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს მთავრობის სამოქმედო გეგმა და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა წარმოადგინეს.

როგორც შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, კაპიტალური ბაზრის განვითარება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს და წინაპირობას ეკონომიკური აქტივობის ზრდისათვის.

მისი განცხადებით, კაპიტალური ბაზრის გააქტიურება შესაძლებლობას მისცემს კომპანიებს, მოიზიდონ გრძელვადიანი ფულადი რესურსი ადგილობრივ ვალუტაში, რაც ამ ეტაპზე პრობლემას წარმოადგენს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ითქვა, რომ წლის ბოლომდე დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით საკანონმდებლო აქტების შემუშავება და ბირჟის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება, რაც კაპიტალური ბაზრის განვითარებისთვის თვისობრივად ახალ გარემოს შექმნის.