დავით ნარმანია - პროექტების სწრაფად განხორციელებასთან დაკავშირებით პრემიერისა და ჩემი მოსაზრებები არის აბსოლუტურად იდენტური

პროექტების სწრაფად განხორციელებასთან დაკავშირებით პრემიერისა და ჩემი პოზიციები არის აბსოლუტურად იდენტური , - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა, რითაც შესაბამის საკითხზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ნარმანიას თქმით, მერია დღე და ღამე იმუშავებს, რათა მაქსიმალურად დროულად და ხარისხიანად შესრულდეს ყველა პროექტი.

”პრემიერისა და ჩემი მოსაზრებები არის აბსოლუტურად იდენტური, რომ პროექტები დროში სწრაფად უნდა განვახორციელოთ და მეორე მხრივ, ხარისხზე არ უნდა იქონიოს გავლენა. რამდენიმე პროექტი იქნება მნიშვნელოვანი, რომელთა განხორციელების წინამოსამზადებელი სამუშაოები ჩვენ დავიწყეთ და სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. ეს იქნება აღმაშენებლის გამზირის მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით, ასევე გუდიაშვილის მოედნის სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს სამუშაოები ღვინის აღმართზე, რომელიც გაზაფხულზე დასრულდება, ისევე როგორც რამდენიმე ხიდის აღდგენის პროექტი ხორციელდება. ზამთრის სეზონის დასრულების შემდეგ დაზიანებული გზების აღდგენის პროექტებს დავიწყებთ. ასე, რომ წელი დატვირთული იქნება პროექტებით, არ მოვასვენებთ არც ერთ სამსახურს, დღე და ღამე ვამუშავებთ, რათა მაქსიმალურად დროულად და ხარისხიანად გავაკეთოთ ყველა პროექტი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.