თბილისში ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერი უახლოეს რამდენიმე დღეში გამოცხადდება

ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერი უახლოეს რამდენიმე დღეში გამოცხადდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. დავით ნარმანიამ კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ახალი ავტობუსების შემოყვანის საკითხს ეხებოდა.

"ოპოზიციამ უმჯობესია განმარტებები გააკეთოს იმაზე, ამდენი ხანი თუ რატომ ვერ მოაგვარეს ავტობუსების პრობლემა, როდესაც მმართველობაში იყვნენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ აბსოლუტურად გაუბედურებული პარკი გადმოგვაბარეს და ყოველდღიურად ფუჭდება ავტობუსები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დროულად დავაჩქაროთ წინამოსამზადებელი სამუშაოები და გამოვაცხადოთ ტენდერი. საბოლოო ფაზაა ტენდერის გამოცხადებამდე და მას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა თბილისში ახალი ავტობუსების შესაძენად 30 მილიონი ევროს ღირებულების სესხი უნდა გამოყოს, რომლითაც თბილისის მერია 150 ახალ ავტობუსს შეიძენს. სესხის გამოყოფამდე მერიამ ტენდერი უნდა გამოაცხადოს. როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, ტენდერი მერიას ნოემბერში უნდა გამოეცხადებინა.