ქართველი ბიზნესმენები გისოსებს მიღმა

გადასახადების დამალვა, თაღითობა, ქრთამის მიცემა, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა - ეს ის ბრალდებებია, რომლის გამოც სხვადასხვა დროს ქართველი ბიზნესმენები გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. AMBEBI.GE-მ ყველაზე გახმაურებულ დაკავებებს გადახედა.

2011 წელს ბესიკ ხარძიანი დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ამ ბრალდებით მან ციხეში 2 წელი დაჰყო. მისი და მის ძმის საკუთრებაში არსებული კუს ტბის ტერიტორია პანამაში რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანიაზე გადაფორმდა. ეს გარიგება 2014 წელს საქალაქო სასამრთლომ უკანონოდ ცნო და ხარძიანებს საკუთრება დაუბრუნა. ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები ზეწოლაში, ნარკოტიკების ჩადებაში და ქონების უკანონო ჩამორთმევაში გიორგი უდესიანს ადანაშაულებდნენ. როგორც ბესიკ ხარძიანი ამბობდა, ქონების ჩამორთმევას წინ გიორგი უდესიანთან შეხვედრა უძღოდა, რომლის დროსაც უდესიანმა მას კუს ტბის ტერიტორის წილში ჩასმა მოსთხოვა. უარის მიღებიდან რამდენიმე დღეში ხარძიანი დააპატიმრეს. 2015 წლის 28 მარტს, მარაბდის ქუჩაზე საკუთარ სახლთან ბესიკ ხარძიანი მოკლული იპოვეს. მოკლული ბიზნესმენის ადვოკატის თქმით, დადგენილია მკვლელის ვინაობა, თუმცა ის ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

2010 წლის 12 ივნისს ქრთამის მიცემის ბრალდებით "მათე მოტორსის" დამფუძნებელი გელა ბარკალაია დააკავეს. ბარკალაის დაკავება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, ბიზნესმენი იმ პრივილეგირებულ ადამიანთა რიცხვში იყო, რომელსაც ბიზნესის წარმოებისთვის ყველა გზა ხსნილი ჰქონდა. წინასაარჩევნოდ, "მათე მოტორსის" წინ ბარკალაიამ ყვავილებით ხუთიანი შემოხაზა. ურთიერთობის დაძაბვის მიზეზად ბარაკალია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ჯანაშვილის ტყუილს ასახელებს. მისი თქმით, სწორედ მან მიაწოდა ვანო მერაბიშვილს არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს "მათე მოტორსმა" ნახმარი ზეთები ჩაასხა პოლიციის მანქანაში. ჯანაშვილის "ტყუილი" ბარკალიას საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაუჯდა. ციხიდან ის საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს.

2010 წლის 19 მაისი. ხმაური მოჰყვა "ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორისა და პრეზიდენტის გენო მალაზონიას დაკავებას. დაკავების მიზეზად ფინანსური მაქინაციები, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება და გადასახადებისთვის თავის არიდება დასახელდა. ბრალდების მტკიცებით, საბუღალტრო აღრიცხვა მალაზონიამ 2006 წლიდან ლიცენზირების პირობების დარღვევით დაიწყო, შესაბამისად, 2006 წლიდან მიღებული შემოსავალი - 165 828 582 ლარი უკანონოა. პეტრე ცისკარიშვილის, გიორგი კოდუას და დავით კირკიტაძის ახლო მეგობრის დაკავება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მალაზონია რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს.

ქრთამის მიცემისა და საბუთების გაყალბების ბრალდებით იმავე წელს ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, მისი მეგობარი თემო მაჭავარიანი, ელიზბარაშვილის რძალი სალომე ივანიშვილი და რძლის მამა ზურაბ ივანიშვილი დააკავეს. ოფიციალური ბრალდებით, დაკავებულებმა 2003 წელს სცადეს ფსიქიატრების მოსყიდვა, რათა მათ თამაზ ელიზბარაშვილის პატიმარი შვილისთვის სპეციალური ცნობა დაემზადებინათ. ცნობის საფუძველზე ელიზბარაშვილის შვილი ციხეს დატოვებდა. თამაზ ელიზბარაშვილმა პატიმრობაში 5 თვე გაატარა. ციხიდან 6 მილიონის გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლდა. დაპატიმრებას რამდენიმე თვით ადრე, ელიზბარაშვილის კომპანია "ელიზი" ფინანსურმა პოლიციამ 1 300 000 ლარით დააჯარიმა. ბიზესმენი საკუთარ თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევდა.

დამნაშავე თაღლითობაში - ასეთი განაჩენი გამოუტანა 2011 წლის აპრილში სასამართლომ ანზორ ქოქოლაძეს. "ელიტ-ელიქტრონიქსის" მეპატრონეს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2008 წელს "თიბისი ბანკმა" "ელიტ-ელიქტრონიქსი" 80 მილიონ ლარად შეაფასა. 2010 წელს კი ბანკმა კომპანია 116 ათას ლარად შეიძინა. ანზორ ქოქოლაძე 2012 წელს პატრიარქის თხოვნის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.

ეკა მელიქიძე

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე