კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომი" საქართველოს ულტიმატუმს უყენებს

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომი" საქართველოს ულტიმატუმს უყენებს. როგორც კალაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, ქართულმა მხარემ კატეგორიული წინააღმდეგობა დააფიქსირა "გაზპრომის" მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გატარებული აირის საფასური არა ნედლეულის სახით, არამედ თანხით გადაუხადოს, თუმცა კომპანიამ ღიად მიუთითა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთის გაზმომარაგებას ირანის მეშვეობით უზრუნველყოფს.

"თავად "გაზპრომის" მხრიდან იქნა დაყენებული წინადადება, რომ გადავსულიყავით ფინანსურ ანაზღაურებაზე – თქვენ იცით, რომ გატარებული მოცულობის 10 პროცენტი დღეს რჩება საქართველოში, რასაც ვიღებთ ნედლეულის სახით. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის სიახლე იყო. როდესაც ეს მოთხოვნა გაკეთდა, ჩვენი მხრიდან იქნა კატეგორიული წინააღმდეგობა დაფიქსირებული, თუმცა შეხვედრაზე ასევე პირდაპირ იქნა გაჟღერებული, რომ მათ რეალური შესაძლებლობა აქვთ, სომხეთს გაზი ირანის მეშვეობით მიაწოდოს - შეიძლება პირველ წელს მთლიანი მოცულობის მიწოდება გაუჭირდეს, თუმცა მომავალი წლების განმავლობაში "გაზპრომს" ამის ტექნიკური შესაძლებლობა გააჩნია. შესაბამისად, ჩვენ სამინისტროში გავაკეთეთ ანალიზი, რამდენად შესაძლებელია განხორციელდეს მათი მხრიდან წამოყენებული ულტიმატუმი და მივიღეთ შემდეგი შედეგი: დღეს "გაზპრომს" შეუძლია 1 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის აირი მიაწოდოს სომხეთს ირანიდან, თუმცა გარკვეული ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, მას აქვს შესაძლებლობა სომხეთის ბაზარი სრულიად დააკმაყოფილოს. ეს საშიშროება და საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენთვის ენერგეტიკულად მისი შედეგი ძალიან მძიმე იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.