კახა კალაძე – არ ვაპირებ რუსეთთან არსებული იმ ურთიერთობის დანგრევას, რომელსაც ჩემი წინამორბედები წლების განმავლობაში აშენებდნენ

ვფიქრობ, რუსეთს საქართველოზე ზეწოლის მოსახდენად სხვა ინსტრუმენტები გააჩნია, ვიდრე "გაზპრომი" და ბუნებრივი აირია , - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გადაცემა "არჩევანში" აღნიშნულ კომპანიასთან მიმდინარე მოლაპარაკებების პოლიტიკურ ჭრილსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრისას განაცხადა. კალაძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოზე ზეწოლა მოსკოვს მხოლოდ "გაზპრომით" შეუძლია.

"ვერ დაგეთანხმებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ "გაზპრომით" და ბუნებრივი აირით არის შესაძლებელი საქართველოზე ზეწოლა განახორციელო. ჩვენდა სამწუხაროდ, ენერგეტიკული თვალსაზრისით, გარკვეულწილად, დამოკიდებული ვართ რუსეთზე - წლების განმავლობაში ელექტროენერგია შემოგვაქვს რუსეთიდან, რადგან რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ის საუკეთესო ფასად გვაწვდის. ეს ჩემი დაწყებული ურთიერთობები არ არის, ეს არის ჩემი წინამორბედი მინისტრების მიერ აშენებული ურთიერთობები და მინდა გითხრათ, რომ ენერგეტიკის სექტორში მართლაც კარგი, გამართული ურთიერთობებია. მე არ ვაპირებ იმ ურთიერთობების დანგრევას, რომელსაც ჩემი წინამორბედები წლების განმავლობაში აშენებდნენ. მე გამოვდივარ სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან", - განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება შეკითხვას, რამდენადაა შესაძლებელი "გაზპრომთან" მოლაპარაკებებმა აზერბაიჯანსა და დასავლეთთან ურთიერთობაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს, ენერგეტიკის მინისტრი აღნიშნულის საშიშროებას ვერ ხედავს. "რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეულ ანალიზს ვაკეთებთ, თუ რამდენად იქნება რისკის შემცველი ასეთი მოლაპარაკებები, თუმცა იმდენად მცირეა "გაზპრომის" გაზზე დამოკიდებულება, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს ამ მიმართულებით", - აღნიშნა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა.