მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების განთავსების ხელშეწყობისთვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა

ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების, ინვესტორების დაინტერესებისა და დამატებითი კაპიტალის მოზიდვის მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები განხორციელდა, რომელიც ხელს შეუწყობს მსოფლიოში აღიარებულ საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების განთავსების პროცესს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები, რომელიც ძალაში 2016 წლიდან შევიდა, ითვალისწინებს, რომ წილობრივი ფასიანი ქაღალდების ან/და საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების, საფონდო ბირჟაზე (მათ შორის, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე) განთავსებასთან და გამოშვებასთან, აგრეთვე ლისტინგის კატეგორიის/რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებული დანახარჯები მოგების გადასახადის მიზნებისათვის წარმოადგენს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯს.

"კომპანიებს, რომლებიც საერთაშრისო ბაზრებზე ანთავსებენ ფასიან ქაღალდებს და ამით ახორციელებენ კაპიტალის მოზიდვას, რა თქმა უნდა, აქვთ გარკვეული ხარჯები, საგადასახადო კანონმდებლობაში შესული აღნიშნული ცვლილებებით კი, მათ დასაბეგრ შემოსავალს სრულად გამოაკლდება ის ხარჯები, რომელსაც ბიზნესი გაწევს ასეთი ტიპის ტრანზაქციების პროცესში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, საგადასახადო კანონმდებლობაში შესული აღნიშნული ცვლილებები, ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია.