დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა

შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა. 20-დან 23 იანვრის ჩათვლით დავოსში 140 ქვეყნის 2 500 დელეგატი მოიყრის თავს.

ფორუმის რიგით 46-ე სესიას მსოფლიოს პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მათ შორის ამერიკელი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო, ცნობილი მუსიკოსები ბონო და პიტერ გებრიელი, ასევე მსახიობი და რეჟისორი კევინ სპეისი დაესწრებიან.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორთა განცხადებით, წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა "მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია", ნავთობზე ფასების უპრეცედენტო ვარდნა, ირანისთვის სანქციების მოხსნა, ტერორიზმის საფრთხე, მიგრაციის კრიზისი, კლიმატის ცვლილება და დასაქმებული ადამიანების რობოტებით ჩანაცვლების ზრდა იქნება.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც სესიაზე - "ევრაზია და თანამედროვე აბრეშუმის გზა", სიტყვით გამოვა. პრემიერი ასევე მონაწილეობას მიიღებს "მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში", სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები, დაესწრება სამუშაო შეხვედრებს სახელწოდებით, "შეხვდი ევროკომისიას" და "მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია: ევროპის ახალი დღის წესრიგი".