აზერბაიჯანი ბიუჯეტის გადახედვას გეგმავს

აზერბაიჯანი ბიუჯეტის გადახედვას გეგმავს, რომელშიც ერთი ბარელი ნავთობის ფასი 30 დოლარზე იქნება გათვალისწინებული. "ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, ელმან რუსტამოვმა განაცხადა.

"ახლა ეს ჩვენი მთავარი მიზანია მანათის სტაბილიზაციისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის", - განაცხადა რუსტამოვმა. აზერბაიჯანის, ისევე როგორც რუსეთის ამ წლის ბიუჯეტის შედგენისას გათვალისწინებული იყო, რომ ერთი ბარელი "შავი ოქროს" ფასი 50 დოლარი იქნებოდა. თუმცა, ნავთობზე ფასი 30 დოლარამდე დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე ქვეყანამ ბიუჯეტის გადახედვაზე დაიწყო მსჯელობა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნავთობის ფასების მკვეთრი შემცირების გამო აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტა აშშ-ის დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა. აღნიშნულის გამო გუშინ აზერბაიჯანის მთავრობამ ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გატანაზე შეზღუდვა დააწესა. გასულ კვირას კი ვალუტის გადამცვლელი ჯიხურებიც დაიხურა. შეზღუდვა დაწესდა მანათის დოლარში გადახურდავებაზეც.