პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი ქადაგიძის შემცვლელის საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთან დაკავშირებულ საკითხზე ექსპერტებს ხვდება. დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები, სავარაუდოდ, კონკრეტული კანდიდატურების შესახებ იმსჯელებენ. ექსპერტების განცხადებით, მთავარი კრიტერიუმი, რომელსაც საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს, პროფესიონალიზმია. ასევე, მათი აზრით, კანდიდატი უნდა იყოს პოლიტიკურად მიუკერძოებელი.

"კანდიდატი უნდა იყოს დარგის ცნობილი სპეციალისტი და არ უნდა ასოცირდებოდეს არცერთ პოლიტიკურ ძალასთან. ის უნდა იყოს ფიგურა, რომელსაც შეუძლია გაუძლოს გარკვეულ სტრესს", - განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე ექსპერტმა გიორგი ღაღანიძემ. როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ გიორგი ქადაგიძეს თებერვლის ბოლოს უფლებამოსილების ვადა ეწურება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსულტაციების საფუძველზე სწორედ მის შემცვლელს არჩევს. კონკრეტული კანდიდატურა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს დასახელდება.