რუსეთიდან მომავალი ავტომობილები საქართველოში შემოსვლას ვერ ახერხებენ

რუსეთიდან მომავალი ავტომობილები საქართველოში შემოსვლას ვერ ახერხებენ. მიზეზი უამინდობაა, რის გამოც კობი-გუდაურის საავტომობილო გზა ჩაკეტილია. როგორც რეგიონული განვითარების სამინისტროში განაცხადეს, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე გადაადგილება ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის აკრძალულია. რაც შეეხება საბაჟო გამშვებ პუნქტ "ყაზბეგს", როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საბაჟო 24-საათიან, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. აღნიშნულ საკითხზე წერს რუსული მედიაც. მათი ინფორმაციით, რუსეთის საზღვარზე დაახლოებით 100 მანქანაა გაჩერებული.

"უამინდობის გამო საქართველოსკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია. საზღვარზე საქართველოს სამხედრო გზის გახსნას 75 მანქანა, მათ შორის 60 სატვირთო მანქანა ელოდება", - აცხადებენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში. საქართველოს სამხედრო გზა 19 იანვარს სასაზღვრო რეგიონში ამინდის გაუარესების გამო ჩაიკეტა. აღნიშნული ავტომაგისტრალი რუსეთს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან აკავშირებს. 19 იანვარს შეწყდა ასევე სატრანსპორტო გადაადგილება ტრანსკავკასიურ ავტომაგისტრალზე, რომელიც ერთადერთი დამაკავშირებელი გზაა რუსეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის.