გიორგი აბაშიშვილი - ჩვენ ვხედავთ, რომ ”გაზპრომთან” დაკავშირებით კვლავ გარკვეული ტიპის ბუნდოვანებაა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, "გაზპრომთან" მოლაპარაკებების დროს, მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი პროცესის გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირებულობა. როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, სწორედ ამის უზრუნველსაყოფად მიმართა გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას, რომ "გაზპრომთან" დაკავშირებული საკითხი მისი მონაწილეობით მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განხილულიყო.

"ამ მიმართვის ძირითადი არსი იყო სწორედ ის, რომ აღნიშნულ ძალიან მგრძნობიარე საკითხში ყოფილიყო მეტი გამჭვირვალობა და საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა. დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ კვლავ გარკვეული ტიპის ბუნდოვანებაა, კვლავ ისმის კითხვები საზოგადოების მხრიდან, ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. მიგვაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში მაქსიმალურად უნდა იქნას უზრუნველყოფილი პროცესის გამჭვირვალობა და შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირებულობა", - განაცხადა აბაშიშვილმა.