ნოდარ ხადურმა და ბრუნო ბალვანერამ 2,2 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსის წარმომადგენლობების დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ "ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის" 2,2 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული თანხა მიმართული იქნება ქობულეთის საკანალიზაციო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის საჭირო დამატებითი ღონისძიებების დაფინანსებისათვის.

"ჩვენი მთავრობა განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას. მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომელმაც გამოყო დაფინანსება, მათ შორის, გრანტის სახით და ეს თანხები მოხმარდება ქობულეთში ინფრასტრუქტურის, მათ შორის, წყალანირების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ვფიქრობ, რომ ისეთი ტურისტულად მნიშვნელოვანი ობიექტისთვის და ქალაქისთვის, როგორიც ქობულეთია, მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობა. ეს გააუმჯობესებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეს, ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრის - ქობულეთის მუნიციპალიტეტის განვითარებას მოხმარდება.

"ქალაქში გარემოს დაცვითი და ეკოლოგიური კუთხით წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მსგავსი პროექტები საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება და ამით ევროპის რეკონსტრუქციისა ად განვითარების ბანკი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ზრდის ხელშესაწყობად", – განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ასოცირებული დირექტორი, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის უფროსის მოადგილე ლინ ო"გრეიდი დაესწრო.

"ქობულეთის წყალარინების პროექტი" მიზნად ისახავს ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, რისთვისაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილია 1,5 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი, ხოლო გამწმენდი ნაგებობის დიზაინის, მოწყობილობების შეძენისთვის და მათი მონტაჟისთვის გათვალისწინებულია ჰოლანდიის მთავრობის (წარმოდგენილი ORET-ით) გრანტი 1,814 მილიონი ევროს ოდენობით.

დღესვე, გაფორმდა საპროექტო და მხარდამჭერი ხელშეკრულებები, რომელსაც ხელი მოაწერეს EBRD-ის მხრიდან კავკასიის, მოლდოვისა და ბელორუსის წარმომადგენლობების დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ და საქართველოს მხრიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ და შპს "ქობულეთის წყალის" დირექტორმა ოთარ ზოიძემ.