გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია

გუდაური-კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმი: თოვლისა და ლიპყინულის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

"მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვები მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე: ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

"თოვლის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ100-კმ188 (ლახამურა-უშგული) მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ99 (ზუგდიდი-ლახამურა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი-როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94-კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.